საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ცენტრის შეფასებით, რომელიც დემოკრატიის მდგომარეობას იკვლევს, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში საქართველო დადებითი შეფასებით ისტორიულ მაქსიმუმზეა.
„2012-2022 წლებში საქართველოს მუდმივად აქვს დადებითი შეფასება, განსხვავებით 2004-2012 წლებისგან, როცა მუდმივად ნულს ქვევით იყო, წარმოგიდგენიათ, რაზე ვლაპარაკობთ? ასეთი დიამეტრული განსხვავებაა ორი ხელისუფლების მმართველობის დროს სასამართლოს დამოუკიდებლობის შეფასებისას“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ „პირველი არხის“ ეთერში.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ფაქტია ისიც, რომ 1998-2004 წლებში, შევარდნაძის დროს, სასამართლოს უფრო დადებითი შეფასება ჰქონდა, ვიდრე 2004-2012 წლებში, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში.
„საოცარი გარემოებაა, რომ 1998-2004 წლებში, პრეზიდენტ შევარდნაძის დროს, როდესაც მოსამართლეებს ხელფასი არ ჰქონდათ, იყო ტოტალური კორუფცია, მაშინაც კი, დადებითი ჰქონდა შეფასება – რა თქმა უნდა, ამჟამინდელს ვერ შეედრება, მაგრამ სააკაშვილის მმართველობის დროინდელ რეიტინგებთან მიმართებაში, ისიც კი უფრო მაღალი გახლდათ.
რა თქმა უნდა, არ ველოდით [მოსამართლეების დასანქცირებას]. სხვათა შორის, მთავრობასთან და პარლამენტთან ერთად, ამაში ხალხიც სოლიდარულია. ჩვენს პარტნიორებს მინდა მოვუწოდო, ნუ წარმოუდგენიათ, რომ ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია არის და იქ დაქირავებული ადამიანები, ესენი ხომ არიან ადამიანები, რომლებიც ფულს იღებენ ამ აუგ საქმეში, ერის ღალატში ფულს იღებენ, პრაქტიკულად. მათ ფული გამოეყოფათ, რომ ეს ქვეყანა ააშენონ და ისინი ქვეყანას ღალატობენ, მახვილებს ლესავენ და ზურგში არჭობენ, რათა გაიხანგრძლივონ პროექტები – არ ვიცი, ამით თავის საჭიროებას თუ ამტკიცებენ. დონორებს, რომლებიც დარწმუნებული ვარ, აბსოლუტურად კეთილშობილურად ცდილობენ ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციების მშენებლობის ხელშეწყობას, სინამდვილეში, ველზე ჰყავთ მავნებლები.“ – აღნიშნა ოდიშარიამ „პირველი არხის“ ეთერში.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს 5 აპრილს სანქციები დაუწესა.
ამავე თემაზე:
„უფფ, არაუშავს, ცხოვრება გაგრძელდება…თავს ვერ მოვიკლავ” – მურუსიძის პირველი კომენტარი დასანქცირებაზე
კელი დეგნანი აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ლევან იოსელიანი: მოსამართლეების სანქცირებაზე კომენტარი ჩემი მანდატის ფარგლებს ცდება
„განაჩენი საქართველოს ხელისუფლებისთვის” – როგორ ეხმაურება ოპოზიცია აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას