ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, იმისთვის, რომ ბავშვებში კოვიდინფიცირების რისკი არ გაიზარდოს, პრევენციის მიზნით კარგი იქნება, თუ ბავშვის ოჯახის წევრები ვაქცინირებულები იქნებიან. აღნიშნული განცხადება მან „პირველი არხის“ ეთერში გააკეთა.
თამარ გაბუნიამ დაასახელა მექანიზმები, რაც ქვეყანას კორონავირუსის გავრცელების მეოთხე ტალღას თავიდან აარიდებს.
„გამოსავალია ისევ და ისევ ვაქცინა და წესების კონტროლი. ახალი გამოწვევა, რომელიც დღეს ჩვენ წინაშე დგას, არის პედიატრიული შემთხვევები და პედიატრიული შემთხვევების მართვისთვის კლინიკური ქსელი ემზადება, თუმცა ყველაზე გონივრული და კარგი გამოსავალი იქნება, რომ არ დავუშვათ პედიატრიული შემთხვევების ესკალაცია. ოჯახში, სადაც ბავშვია, მშობლები, ოჯახის წევრები ვაქცინირებულები უნდა იყვნენ და ამით დავიცვათ ბავშვები. ასევე უახლოეს პერიოდში, ორშაბათიდან ძალაში შევა რეგულაციები, რაც ბავშვების თავშეყრის შედარებით კონტროლს ითვალისწინებს.
ვაქცინაციასთან ერთად, ტესტირების პროგრამა ჩვენთის არის მთავარი დაცვა, რათა ინფიცირებული პირი სასწრაფოდ გამოვლინდეს. ვიდრე ვაქცინაციით მოცვის კრიტიკულ მაჩვენებელს არ მივაღწევთ, ფართო მასშტაბის ტესტირებები გაგრძელდება. ეს არის ძირითადი მექნიზმები, რაც საშუალებას მოგვცემს, თავიდან ავიცილოთ მეოთხე ტალღა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.