საქართველოს საპატრიარქო „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და იმედოვნებს, რომ კანონი ნაყოფიერ შედეგებს გამოიღებს საზოგადოების კეთილდღეობისთვის, რადგან ის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ნაბიჯია ქართველი ერის თვითმყოფადობის განმსაზღვრელი ტრადიციული ღირებულებების დასაცავად.
ამასთან საპატრიარქო აღნიშნავს, რომ LGBTQI პროპაგანდის გავრცელებამ „მრავალჯერ შექმნა მნიშვნელოვანი სოციალური განხეთქილება საზოგადოებაში და დაძაბულობის ინსტრუმენტადაც კი იქცა მათ ხელში, ვინც პოლარიზაციის გაღრმავებისკენ არის მოწოდებული“.
„დღეს საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ოჯახური ღირებულებების დაცვა მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა. წლების განმავლობაში როგორც საქართველოს საპატრიარქოს, ასევე მოსახლეობის უმრავლესობის მხრიდან ამ საკითხს მოჰყვა არაერთი გამოხმაურება, თითოეული მათგანი ემსახურებოდა ოჯახური ფასეულობების დაცვას მზარდი გამოწვევების ფონზე.
საქართველოს ეკლესია მუდმივად იცავდა და იცავს ჩვენს ახალგაზრდობას იდეოლოგიებისგან, რომლებიც ძირს უთხრიან ტრადიციულ ოჯახურ სტრუქტურებს.
რამდენიმე წლის წინ სასკოლო საგნის მოსწავლისა და მასწავლებლის სახელმძღვანელოებმა საქართველოს საპატრიარქოს მწვავე და სამართლიანი კრიტიკა გამოიწვია, რადგან ამ სახელმძღვანელოების ზოგიერთი თემა ღიად უსვამდა ხაზს ოჯახური ღირებულებების დაკნინებას. ხანგრძლივი და აქტიური ძალისხმევა დასჭირდა LGBTQI პროპაგანდის შემცველი პასაჟების სასწავლო რესურსიდან ამოღებას, რადგან საგანმანათლებლო სახელმძღვანელოები უნდა შეესაბამებოდეს ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებს.
ამასთანავე, LGBTQI პროპაგანდის გავრცელებამ მრავალჯერ შექმნა მნიშვნელოვანი სოციალური განხეთქილება საზოგადოებაში და დაძაბულობის ინსტრუმენტადაც კი იქცა მათ ხელში, ვინც პოლარიზაციის გაღრმავებისკენ არის მოწოდებული.
ამ ტენდენციებიდან გამომდინარე, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიერ მიღებული კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ დადებით წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.
ვიმედოვნებთ, ეს კანონი ნაყოფიერ შედეგებს გამოიღებს ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობისთვის, რადგან ის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ნაბიჯია ქართველი ერის თვითმყოფადობის განმსაზღვრელი ტრადიციული ღირებულებების დასაცავად“, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.