რუსი ოკუპანტები მარიუპოლში დაბომბილი სახლების დემონტაჟს და ადგილობრივი მცხოვრებლების ქუჩაში გასახლებას აპირებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრო ანდრიუშენკო “ტელეგრამში” ავრცელებს.
ქალაქის მერის მრჩეველი იმ განკარგულების ასლსაც აქვეყნებს, რომელსაც ხელს ოკუპირებული დონეცკის ე.წ. პრეზიდენტი, დენის პუშილინი აწერს.
“დონეცკის ოლქის საოკუპაციო ხელისუფლებამ, პუშილინის ახალი ბრძანების საფუძველზე, ზარალის შეფასება დაიწყო.
ოკუპანტები დაბომბვის შედეგად დაზარალებული შენობების უმეტესი ნაწილის დასანგრევად ემზადებიან.
იმ ბინებს, რომლებიც დაბომბვას გადაურჩა და სადაც მოქალაქეები ცხოვრობენ, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მობილური ჯგუფები და სამხედროები პატრულირებენ.
ჯგუფები მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ მათი გადაყვანა შენობების დანგრევის დაწყებისთანავე მოხდება.
იგეგმება მოხუცების საერთო საცხოვრებლებში განთავსება, მათს ბინებს კი ის ადამიანები დაიკავებენ, რომლებიც პორტში, ილიჩის ქარხანაში და შენობების დემონტაჟზე იმუშავებენ.
იმ ადამიანებს, რომელთა შენობების დანგრევაც იგეგმება, ფაქტობრივად, ქუჩებში ასახლებენ. კითხვაზე, თუ სად შეძლებენ ისინი ცხოვრებას, ოკუპანტები პასუხობენ, რომ ეს მათ არ ეხებათ, ამ გზით, გამოდის, მათ მუშაობასაც აიძულებენ.
ასე რომ, ოკუპანტები ერთდროულად ახორციელებენ ორ სცენარს – იძულებითი დეპორტაცია რუსეთში და იძულებითი სამუშაო ასაკოვანი ადამიანებისთვის” – წერს ანდრიუშენკო.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში