უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ ოკუპანტები უკრაინაში მოპარული მარცვლეულის გასაყიდ გზებს ეძებენ.
„ჩვენს მიტაცებულ ტერიტორიაზე რუსმა ოკუპანტებმა უკვე მოიპარეს სულ მცირე ნახევარი მილიონი ტონა მარცვლეული და ახლა ეძებენ გზას, როგორ გაყიდონ „შავად“. ისე გაყიდონ, რომ მოპარულით ფულიც იშოვონ და თან ლეგალურ ბაზარზე დეფიციტიც შეინარჩუნონ“,- აცხადებს ზელენსკი.
პრეზიდენტის მონაცემებით, რუსეთის მიერ შავ ზღვაში უკრაინული პორტების ბლოკირებისა და აზოვის ზღვის ნაპირის უკრაინული ნაწილის დაკავების გამო, უკრაინა ექსპორტზე ვერ აგზავნის 22 მილიონ ტონა მარცვლეულს.
„ეს არის მოცულობა, რომელიც უნდა გასულიყო გარე ბაზარზე. რუსეთის მიერ ჩვენი ექსპორტის ბლოკირება სიტუაციის დესტაბილიზაციას ნამდვილად გლობალური მასშტაბით ახდენს. შედეგად, სხვადასხვა ქვეყანაში ძვირდება სურსათი. იქმნება შიმშილის საფრთხე აფრიკაში, აზიაში, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ყოველდღიური ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა ევროკავშირს, დააწესოს ემბარგო რუსულ ნავთობზე.
„მიმაჩნია, რომ ევროპას ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს რუსულ ნავთობზე და ნავთობპროდუქტებზე უარის თქმა, რადგან საქმე ეხება რუსული ენერგეტიკული იარაღისგან თავად ევროპელების დამოუკიდებლობას. რაც მალე მოხდება ეს, რაც უფრო სრული იქნება უარი რუსულ ნავთობზე, მით მეტ სარგებელს მიიღებს საბოლოოდ თავად ევროპა“, – განაცხადა ზელენსკიმ.