26 მარტს, iHeartRadio Music Awards-ის პარალელურად, MOBO Awards გაიმართა. ეს იყო დაჯილდოების 28-ე გამოშვება და პირველი შემთხვევა, როცა ღონისძიებას მანჩესტერმა უმასპინძლა.
საიუბილეო, 30-ე წლისთავთან დაკავშირებულ საღამოს რეპერი – Eve და კომიკოსი – ედი კადი გაუძღვნენ.
დაჯილდოების მთავარი ვარსკვლავი ოლივია დინი გახდა, რომელმაც 3 ნომინაციაში – ,,წლის ალბომი” (The Art of Loving), ,,წლის სიმღერა” (Man I Need) და ,,საუკეთესო ქალი შემსრულებელი” გაიმარჯვა.
დაჯილდოების სცენაზე დინის სადებიუტო პერფორმანსიც შედგა. არტისტმა სიმღერა – A Couple Minutes შეასრულა, რაც შოუს ერთ-ერთ მთავარ მომენტად იქცა.
,,წლის ვიდეოს” ნომინაციაში გამარჯვებულად რეის ჰიტის – Where Is My Husband! კლიპი დასახელდა.
ცერემონიის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გაიცა სპეციალური პრემია – Global Songwriter Award. საპატიო ჯილდოს რეციპიენტი – ფარელ უილიამსი გახდა, რომელიც პუბლიკას ნაილ როჯერსმა წარუდგინა.
ცნობისთვის, MOBO (Music of Black Origin) Awards ბრიტანული მუსიკალური დაჯილდოებაა, რომელიც 1996 წელს დაარსდა. მისი მიზანი იმ არტისტების აღიარება და პოპულარიზაციაა, რომლებიც რასისა და ეროვნების მიუხედავად, შავკანიანი წარმოშობის მუსიკას ქმნიან. დაჯილდოება ფოკუსირებულია ისეთ ჟანრებზე, როგორებიცაა: ჰიპ-ჰოპი და გრაიმი, R&B და სოული, რეგი, აფრობიტი, ჯაზი და გოსპელი.