ომი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.
ქართული სამთავრობო ჯარებისა და აფხაზი სეპარატისტების გადამწყვეტი ბრძოლიდან დღეს 29 წელი შესრულდა.
ყველაფერი ოფიციალურად 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, როდესაც გახშირებული ყაჩაღობის გამო, სოჭი-ინგირის რკინიგზის მონაკვეთის დაცვის მიზნით, საქართველოს სახელმწიფო საბჭომ სამთავრობო ძალები აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით გაგზავნა.
საქართველოს ეროვნულ გვარდიას აფხაზურმა გვარდიამ შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია, კონფლიქტი საომარ მოქმედებებში გადაიზარდა. მანამდე, ცოტა ხნით ადრე, ადგილობრივმა სეპარატისტებმა ე.წ. დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად კი საბრძოლო მოქმედებებში რუსული არმია ჩაერთო.
გადამწყვეტ ბრძოლამდე იყო მოლაპარაკებები და რამდენიმე შეთანხმება მხარეებს შორის, თუმცა უშედეგო – არც ცეცხლი შეწყდა და არც სამხედრო ტექნიკა გაიყვანეს კონფლიქტის ზონიდან. შეთანხმება 16 სექტემბერს კვლავ დაირღვა, ამ დღეს სეპარატისტებმა სოხუმზე იერიში ზღვიდან, ჰაერიდან და სახმელეთო მისადგომებიდან მიიტანეს. ბრძოლა 27 სექტემბერს დასრულდა, სოხუმი დაეცა…
13-თვიანმა და 13-დღიანმა ომმა 10 000-დან 30 000-მდე ათასამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ასეულობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა და დაიჭრა. 300 ათასზე მეტი კი, საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა.
იმას, რაც საკუთარი თვალით ნახეს, საკუთარ თავზე გამოცადეს და საკუთარი ფეხით გამოიარეს, 29 წლის შემდეგ კვლავ იხსენებენ აფხაზეთიდან დევნილები.
მოძრაობა „იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის“ აფხაზეთიდან დევნილების ისტორიებს აქვეყნებს.
აფხაზეთის ომს იხსენებს მარინა შენგელია და ჰყვება, როგორ აწამეს მისი ოჯახი.
„ომამდელი სოხუმიდან არაჩვეულებრივი შეგრძნებები გამომყვა. წვიმის ხმა, ზღვის ტალღების ხმაური, ცხელ ქვიშაზე დასხმული ყავის სურნელი, სანაპიროზე, დაჟანგული რკინის ჯაჭვების და თევზის სუნი, თოლიების გამკივანი ხმა. დღემდე, როდესაც ეს სუნები და ხმები მხვდება სადმე, საოცარ ემოციას იწვევს ჩემში.
სოხუმი მეგობრული ქალაქი იყო. აქ ურთიერთობებს ადამიანური თვისებები განსაზღვრავდნენ და არა ნაციონალური კუთვნილება.
ომის დაწყება ძალიან მოულოდნელი და ემოციური იყო ჩემთვის. არ ველოდით ამას. უეცრად დაიწყო, უცებ მანქანებისგან დაიცალა ქალაქი, ასფალტი რაღაცნაირი მტვრიანი გახდა, შარაგზასავით. ისეთი შემზარავი იყო ეს.
პირველ დღესვე საგრძნობი გახდა ომის საშინელება, ყველაფერი, რასაც ის მოიტანდა. და მოიტანა ყველაზე უარესი, ადამიანების გაუცხოება, ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობების ჩატეხილი ხიდი, და სიცარიელე აფხაზების მიერ სიძულვილში გაზრდილი ბავშვების სულებში.
ბევრი უბედურება დატრიალდა აფხაზეთში. ბევრი ახლობელის სიცოცხლე შეეწირა ამ ომს. ჩემი მშობლები სასტიკად აწამეს, დააუთოვეს, მამა დასახვრეტადაც გაიყვანეს, ბებიაჩემს სცემეს და სახლი დაუწვეს. ჩემი მეუღლის ბიძას, გაგრის კურორტის მმართველს ალექსანდრე ბარამიას, ოჯახთან და სტუმრებთან ერთად ყელი გამოჭრეს.
მძიმეა ამაზე ფიქრი, მაგრამ დავიწყებაც შეუძლებელია.
რომ მოვდიოდი, მეგონა, რომ ძალიან მალე დავბრუნდებოდი. მაშინ 29 წლის ვიყავი და სპეციალურად არ წამოვიღე რაღაცები. ჩემს თავს ვაჯერებდი, რომ 2 კვირაში დავბრუნდებოდი უკან. ფოტოგრაფიულად აისახა ჩემს მეხსიერებაში სახლი და მის უკან მდგარი უზარმაზარი ხე. ის ხე უკვე აღარ არის, დაბომბვის დროს ჭურვი დაეცა. სახლი დგას, თუმცა ამ ხის გარეშე, არც სახლია იგივე.
თბილისში რომ ჩამოვედით, ძალიან ვდარდობდი. მაგრამ ბავშვები გვყავდა გასაზრდელი და დარდისთვის ვერ ვიცლიდით. დიდი უბედურება იყო ომის ისე დამთავრება, როგორც დამთავრდა. ძალიან დათრგუნულები ვიყავით.
დაბრუნების იმედი კი სულ მქონდა. დღესაც მაქვს.
თავიდან მეგონა, რომ ეს მალევე მოხდებოდა. მინდა იცოდეთ, რომ როდესაც იქიდან ხარ წამოსული, სადაც არ უნდა წახვიდე, სამოთხეშიც რომ იცხოვრო, შენი ადგილი არსად არის. შენი ადგილი იქ დარჩა და სხვაგან ვეღარსად ვერ იპოვი. ვერ მიეჩვევი. დავბრუნდებით, აუცილებლად დავბრუნდებით“, – ამბობს მარინა შენგელია.
300 ათასზე მეტი დევნილიდან ერთ-ერთია ლორეტა ბერია, რომელსაც სჯერა, რომ აფხაზეთში აუცილებლად დაბრუნდება.
„ომამდე იყო მშვენიერი, ლამაზი სოხუმი. არაჩვეულებრივი დღეები მქონდა. ბედნიერი ვიყავი. იყო ცუდი დღეებიც, მაგრამ ეს არაფერი იყო იმასთან, რაც წინ გველოდებოდა.
ომის დაწყების დროს 23 წლის ვიყავი. არასდროს დამავიწყდება, მე და ჩემი მეგობარი მივდიოდით სასეირნოდ და რაღაც სასწაული ხმაურით ავტომობილების ნაკადი წამოვიდა ჩვენკენ და უკან „ბე ტე ერი“ მოსდევდა. ტანკზე ტანზე გახდილი კაცი იდგა. ინტერესმა მძლია, სამალავიდან გამოვედი და გავიხედე. ამ დრომდე არ ვიცი ვინ იყვნენ, მაგრამ გახედვისთანავე ამ კაცმა იარაღი მომიშვირა. იმ წუთს ვერც მივხვდი, რომ შეიძლებოდა მოვეკალი.
სოხუმის დაცემის შემდეგ დედაჩემმა მოხუცი ბაბუა ფოთში გადაიყვანა. მამაჩემი დარჩა. დღემდე ვერ გავიგე, რატომ დარჩა. დედა მეუბნებოდა, რომ ბერძენი მეზობლები ჰყავდა, რომლებიც მარტო ვერ დატოვა. მერე მამა ტყვედ აიყვანეს. ძალიან უწამებიათ. შემდეგ შევიტყვეთ, რომ ჩვენს სახლში დაიწვა. აღარაფერი აღარ არის იქ, მარტო ეზო დარჩა. სურათიც კი არ წამომიღია იქიდან. ყველაფერი მხოლოდ ჩემს თავშია.
ომის შემდეგ საშინელება იყო. დედაჩემი ფოთში ცხოვრობდა. შუქი არ იყო, გაზი არ იყო, ღამით სროლები… მე აქედან წასვლა მინდოდა. თბილისში წავედი, რომ პასპორტი გამეკეთებინა, თუმცა მალევე დავოჯახდი. მახსოვს, დაოჯახებამდე მამა დამესიზმრა, ბევრი ვაშლები მაჩუქა. მას მერე რაც ბედნიერება ვიპოვე, აღარ მოსულა ჩემთან. დავბრუნდებით. აუცილებლად დავბრუნდებით. სხვანაირად არ შეიძლება“, – ამბობს ლორეტა ბერია.
აფხაზეთიდან დევნილი კობა ნაროუშვილი ფიქრობს, რომ უკრაინის შემდეგ, არსებობს რეალური შანსი, საქართველომ აფხაზეთი და სამაჩაბლო დაიბრუნოს.
„ომამდე ზღვისპირა ქალაქში ცხოვრება ძალიან საინტერესო იყო. დღეს უკვე ისე გამოდის, რომ უფრო მეტი დრო ვიცხოვრე თბილისში ვიდრე სოხუმში, მაგრამ მაინც სოხუმელად მივიჩნევ თავს. მართლა მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და კარგი ქალაქი იყო. საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ თავისუფალ სოხუმში მხოლოდ ერთი წელი ვიცხოვრე. ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, სოხუმი რომ არ დაკარგულიყო.
15 წლის ვიყავი ომი რომ დაიწყო. ძალიან მინდოდა ბრძოლაში ჩართვა. თავდაპირველად ოჯახი წინააღმდეგობას მიწევდა, თუმცა საბოლოოდ ოჯახი შეეგუა, რომ ფორმას ჩავიცვამდი და ვიბრძოლებდი. ომში ჩემი მონაწილეობა ეპიზოდური იყო. მახსოვს, ჩემი სკოლელი, ჩემთვის მისაბაძი ადამიანი, ბესო გეთია რომ მოკლეს, მაშინ შევიგრძენი პირველად, რომ ომში ადამიანები კვდებიან. თითქოს სამყარო შემოტრიალდა.
ბაბუაჩემი ჩარჩა სოხუმში – ორჯერ წაიყვანეს დასახვრეტად და საბედნიეროდ, ყოველ ჯერზე ვიღაც გამოესარჩლა. საშინელებები ნახა. ომი აბოროტებს ადამიანს.
ომის შემდეგ რთული პერიოდი იყო. თავიდან ვგრძნობდით სოლიდარობას, მაგრამ ძალიან მალე ვიგრძენი კულტურული განსხვავება თანატოლებთან. სტიგმა არსებობდა. დევნილი უკვე ნიშნავდა კრიმინალს – ამ ნიშნით ხშირად დევნიდნენ ჩემს გარშემომყოფებს. ძალიან ბევრი ჩემი თანატოლის ცხოვრება ამ გარემომ მნიშვნელოვნად შეცვალა – ეს რომ არა, ალბათ სხვაგვარად განვითარდებოდა მათი ცხოვრება. თავიდან ყველას გვჯეროდა, რომ ძალიან მალე დავბრუნდებოდით. დროთა განმავლობაში ეს იმედი განელდა. შემდეგ უკვე სადღეგრძელოდ იქცა ეს სიტყვები. უკრაინის შემდეგ მართლა ვთვლი, რომ არსებობს რეალური შანსი, რომ დავიბრუნოთ აფხაზეთი და სამაჩაბლო“, – იხსენებს კობა ნაროუშვილი.
ეკატერინე ქარდავა ამბობს, რომ აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ მის ცხოვრებაში სულ სხვა, ახალი ომი დაიწყო და თავის გადარჩენისთვის მათ ყოველდღიური ბრძოლა უწევდათ.
“ომამდე იყო სილაღე, სილამაზე, ღიმილიანი სახეები, ბედნიერების შეგრძნება, იმედი და რწმენა.
20 წლის ვიყავი როდესაც დავტოვე აფხაზეთი. ეს იყო ომი წესების გარეშე, სადაც ეთნიკურობის ნიშნით კლავდნენ და ხოცავდნენ ქართველებს. მახსოვს, ხიდზე გადმოსვლის დროს მშვიდობიან მოსახლეობას სეპარატისტები მოსდევდნენ – მამაჩემი სასწაულებრივად გადაურჩა თავდასხმას, დედაჩემი გადმოსვლისას წაიქცა და გაქცეულმა ხალხმა გადაუარა. ჩემმა ძმამ ძლივს მოახერხა მისი გადარჩენა, მთელი სხეული დანგრეული ჰქონდა. ჩემიანების სიკვდილის ამბები მახსენდება. დედაჩემის დეიდაშვილს თავი მოაჭრეს, ჩემი კლასელები და მეზობლები წამებით მოკლეს. არ ვიცი რას შევადარო გრძნობა, როდესაც 20 წლის ასაკში ამას გამოცდი.
აფხაზეთის შემდეგ საერთოდ სხვა ომი დაიწყო. ბრძოლა თვითგადარჩენისთვის. არნახულად ბევრი დამამცირებელი და ღირსების შემლახველი დღე. შიმშილი, გაჭირვება, სიცივე. სკოლის შენობაში დავიწყეთ ცხოვრება. შემდეგ იყო შრომა, რომ ჩვენი ცხოვრება გვეპოვა და თავი დაგვემკვიდრებინა.
თავიდან ისეთი შოკის მდგომარეობაში ვიყავით, რომ ვერ ვაცნობიერებდით, რა მოხდა. გვეგონა, რომ რაღაც მოხდა და აუცილებლად დასრულდება და დავბრუნდებით. რწმენა და იმედი არასდროს დაგვიკარგავს, მაგრამ რაც უფრო გადიოდა დრო, მეტად შორს იყო აფხაზეთი. დღეს მწამს, რომ როცა ევროპული მომავლისთვის ვიბრძვი, ვიბრძვი აფხაზეთისთვის. დაბრუნების არა მხოლოდ იმედი მაქვს, ვიაზრებ იმასაც, რომ მე ამას შეიძლება არ მოვესწრო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მომავალი თაობები აუცილებლად მოესწრებიან“, – ამბობს ეკატერინე ქარდავა.