სახალხო დამცველი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და იმ გამოწვევებზე საუბრობს, რომლის წინაშეც ბავშვები დგანან. როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია ნათქვამი, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ბავშვთა სიღარიბის მზარდი მაჩვენებელია.
ამასთან, ომბუდსმენმა ყურადღება გაამახვილა უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად დაზარალებულ ბავშვებზე.
წინა წელთან შედარებით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ჩარიცხული ბავშვიანი ოჯახების რაოდენობა 28%-ით გაიზარდა
„საომარ მოქმედებებს ასობით ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, ძალიან ბევრი დაშავდა, დაკარგა მშობლები, მოუხდა საცხოვრებელი ადგილის მიტოვება და სამ თვეზე მეტია ომის ტრავმასთან უწევს გამკლავება. შესაბამისად, წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა საქართველოში მყოფი უკრაინის ომის შედეგად დაზარალებული და იძულებით ადგილნაცვალი ბავშვების მხარდაჭერის, კეთილსაიმედო გარემოთი უზრუნველყოფისა და მათი ოჯახების გაძლიერების მიზნით“, – აღნიშნავს სახალხო დამცველი.
ომბუდსმენის შეფასებით, საქართველოში უკვე წლებია მწვავედ დგას ბავშვთა სიღარიბის, ბავშვთა მიმართ ძალადობის, სარეაბილიტაციო, მხარდამჭერი სერვისების სიმცირისა და ბავშვზე მორგებული გარემოს არარსებობის პრობლემები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ძირეულ ცვლილებებსა და კოორდინირებულ მოქმედებას მოითხოვს:
„წინა წელთან შედარებით, 28%-ით გაიზარდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ჩარიცხული ბავშვიანი ოჯახების რაოდენობა და პროგრამაში ჩართული არასრულწლოვნების რიცხვმა 235 252 მიაღწია. თუმცა, ქვეყანაში არსებული პროგრამები კვლავ ვერ უზრუნველყოფს სიღარიბეში მცხოვრები ოჯახების გრძელვადიან მხარდაჭერასა და მათი სოციალური ფუნქციის ამაღლებას. სახელმწიფოში კი ამ დრომდე არ არსებობს ბავშვთა სიღარიბის, ბავშვთა შრომის შემცირების ეფექტიანი სტრატეგია და მექანიზმი“.
ასევე, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ზომის რეზიდენტულ დაწესებულებებში ბავშვზე სახელმწიფო ზრუნვა ბავშვის უფლებათა ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება და დამანგრეველ გავლენას ახდენს მოზარდზე, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ასეთი სამი დაწესებულება ფუნქციონირებს და მათი დეინსტიტუციონალიზაციის კონკრეტული გეგმა ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული.
ქვეყანაში ბავშვის უფლებების სათანადო დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია:
- ბავშვთა კეთილდღეობაზე ორიენტირებული მხარდამჭერი პროგრამებისა და სერვისების ეფექტიანობის გაზრდა, დამატებითი მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მათი გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
- დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დროული და ეფექტიანი წარმართვა, რომლის ფარგლებშიც თითოეული ბავშვისთვის უზრუნველყოფილი იქნება ოჯახთან მაქსიმალურად მიახლოებული და უსაფრთხო გარემო.