LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომბუდსმენი შეფასებით, ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის გარშემო კითხვის ნიშნებია

105

ომბუდსმენმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საგამოძიებო მასალის შესწავლა დაასრულა. ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ საქმის გარშემო კითხვის ნიშნებია.

„ახლა ვეცნობით სასამართლოს მასალებს და ალბათ, უახლოეს დღეებში გვექნება შეფასება იმიტომ, რომ სასამართლო პროცესზე კიდევ დამატებითი პროცესები განვითარდა, რამაც დამატებითი გარემოებები გამოავლინა და ალბათ, ბოლო ეტაპი იქნება მიმდინარე გამოძიების მასალების შესწავლა. ასევე, მზად ვართ, რომ საგამოძიებო კომისიის ფარგლებშიც მივიღოთ მონაწილეობა და ყველანაირად დავეხმაროთ კომისიას, რომ სწორი მიმართულებით წარიმართოს გამოძიება, მათ შორის ვთანამშრომლობთ შსს-სთან და ვაწვდით ჩვენს ხელთ არსებულ ყველანაირ ინფორმაციას იმ საეჭვო გარემოებების შესახებ, რასაც გამოძიების პროცესში ვხედავთ. სასამართლოს განაჩენმა თქვა, რომ გამოძიებამ ვერ მოიპოვა საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ გვეპოვა თუნდაც ერთი მკვლელი,“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

2018 წლის 31 მაისს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა, რასაც დაზარალებული ზაზა სარალიძის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მან ქუჩის გამოსვლების ორგანიზება დაიწყო.

მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე, რომლის უწყების პოზიციაც სასამართლომ ბოლომდე არ გაიზიარა,  თანამდებობიდან გადადგა. მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებების დადგენის მიზნით, შსს-მ ხელახალი გამოძიება დაიწყო, რომელსაც უშუალოდ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გახარია ხელმძღვანელობს.

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.