სახალხო დამცველმა ზუგდიდის მე-15 ბაღში დისკრიმინაციის შესაძლო ფაქტის შესწავლა დაიწყო. ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ საკითხს სიღრმისეულად შეისწავლიან.
მომხდარს გამოეხმაურა ზუგდიდის მერიც. ლაშა გოგიას თქმით, თუ ბაღის რომელიმე თანაშრომლის მხრიდან გადაცდომა ან შეცდომა დადასტურდა, ის კანონის წინაშე აგებს პასუხს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მე-15 ბაღში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები ზეიმზე არ დაუშვეს. როგორც ერთ-ერთმა მშობელმა, თეა ანჩაბაძემ, განაცხადა, ბაღში ზეიმზე მისი შვილი და სხვა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები მხოლოდ იმიტომ არ დაუშვეს, რომ ბაღის პედაგოგების განცხადებით, მათ ქცევას ვეღარ გააკონტროლებდნენ.
ამ საბავშვო ბაღში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის სპეციალური ჯგუფი ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს გაიხსნა.
