დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ მიცემული დანაპირები შეასრულა – აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად ბინა გადასცა.
ოთხოთახიანი ბინა, რომელიც ვარკეთილის რაიონში მდებარეობს, ალუაშვილების ოჯახმა საჯარო რეესტრში ოფიციალურად გადაიფორმა.

15 დეკემბერს თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განახორციელა.
სახლების დემონტაჟს თვალს მამა-შვილი ალუაშვილები ადევნებდნენ. მათ არ ახსოვთ, ფოტო ვინ გადაუღო, მაგრამ ფაქტია, ვირუსულად გავრცელებულმა ფოტომ ოჯახის ცხოვრება შეცვალა და ოცნება აუხდინა. დანგრეულ შენობებს შორის არ იყო მათი სახლი, თუმცა როგორც შემდგომ გაირკვა, ცხოვრება მძიმე სოციალურ პირობებში უწევდათ.

იმავე საღამოს, თბილსის მერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ოჯახის სახელით ალუაშვილების ოჯახს ბინას გადასცემდა.
ომიკო ალუაშვილი, საყვარელი ბიჭი, საყვარელი ღიმილით ინტერვიუებში ამბობს, რომ ის ბედნიერია და მხოლოდ ერთ რამეზე სწყდება გული, რომ ოჯახის სიხარულს დედა ვერ იზიარებს.

