კორონავირუსის ახალი შტამის “ომიკრონის” სწრაფად გავრცელების გამო, ისრაელი საკუთარ მოქალაქეებს კიდევ 10 ქვეყანაში მოგზაურობას უკრძალავს.
ქვეყნების სიას ემატება აშშ, თურქეთი, გერმანია, იტალია, ბელგია, უნგრეთი, მაროკო, პორტუგალია, კანადა და შვეიცარია.
დღეიდან, 22:00 საათიდან ისრაელის მოქალაქეებს სპეციალური ნებართვის გარეშე აშშ-ში გამგზავრება აეკრძალებათ.
პრემიერ-მინისტრის, ნაფტალი ბენეტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყანა შეშფოთებულია “ომიკრონის” სწრაფი გავრცელებით და აღნიშნული შეზღუდვის ძირითადი მიზეზიც სწორედ ეს არის.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მინისტრთა კაბინეტმა ამ გადაწყვეტილებას მხარი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შემდეგ დაუჭირა.
შეგახსენებთ, მანამდე ისრაელის მოქალაქეებს აეკრძალათ ირლანდიაში, ესპანეთში, ნორვეგიაში, ფინეთში, საფრანგეთში, შვედეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში მოგზაურობა. ე.წ. წითელ ნუსხაშია შესული ასევე აფრიკის 50 ქვეყანა.
რას გულისხმობს მოგზაურობის აკრძალვა?
ისრაელის მოქალაქეები და მუდმივი რეზიდენტები ვერ შეძლებენ აშშ-ში გამგზავრებას, თუ მათ არ ექნებათ სპეციალური ნებართვა.
აშშ-დან ჩამოსულ პირებს, რომლებიც არ არიან ისრაელის მოქალაქეები, ქვეყანაში შესვლის უფლება არ ექნებათ, თუ ისინი არ წარმოადგენენ სპეციალური ნებართვის დოკუმენტს.
ეს წესები ვრცელდება ისრაელის წითელ ნუსხაში შეყვანილ ყველა ქვეყანაზე.