LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ომიკრონის” მაღალმა მაჩვენებელმა, შეიძლება, იმუნიტეტის მაღალი ფენა შექმნას… არ არის ბოროტი ვირუსი: დევი ტაბიძე

3810
დევი ტაბიძე

“ომიკრონის” გავრცელების როგორ სცენარს ელოდებიან საქართველოში – ქვეყანაში აღნიშნული შტამით ინფიცირებულთა რიცხვი 335-მდე გაიზარდა. 

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი დევი ტაბიძე აცხადებს, რომ ერთადერთი დადებითი თვისება, რაც “ომიკრონს” აქვს, არის ის, რომ არ არის ბოროტი ვირუსი და ამის გამო ის ძალიან უარყოფით შედეგებს არ გამოიწვევს.

ამის შესახებ ტაბიძემ მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა:

“დღევანდელი ციფრები ჩემთვის მისაღებიც არის, რადგან ჯერ კიდევ კარგ მდგომარეობაში ვართ. ეს ციფრები აუცილებლად გაიზრდება, მინიმუმ, 5-6 ათასამდე ავა და სადღაც იანვრის ბოლოს, თებერვლის შუა რიცხვებამდე, ასეთი მონაცემი გვექნება.

სამწუხაროა, რომ გავრცელება ძალიან სწრაფი აქვს, მოცვა ძალიან დიდია, რაოდენობრივი მახასიათებელი მაღალია. ერთადერთი დადებითი “ომიკრონს” რაც აქვს, არის ის, რომ არ არის ბოროტი მიკრობი და ვირუსი და ამის გამო ის არ გამოიწვევს ძალიან დიდ უარყოფით შედეგებს (ყოველ შემთხვევაში ახლა მსოფლიოში ასეთი მონაცემებია).

ძირითადად, მსუბუქად მიმდინარეობს და შესაძლებელია, კარგი მენეჯმენტის შემთხვევაში, სწორად მართონ ოჯახის ექიმებმა ბინებზე და კოვიდსასტუმროებში და არ მოხდეს რაოდენობის ზრდასთან ერთად ჰოსპიტლების გადატვირთვა.

ამ ეტაპზე, პრინციპში, საწოლფონდი მზად არის, თუნდაც ცოტა უფრო მაღალი რიცხვებით არსებული შედეგები გააკონტროლოს და მოსახლეობის მოთხოვნა დააკმაყოფილოს.

ჩემი თხოვნა ასეთია – თუ ადამიანები ძალიან არ განიცდიან პრობლემის გამწვავებას, ნუ მიმართავენ ჰოსპიტალს. მსუბუქი პაციენტით კლინიკა არ უნდა გადაიტვირთოს”, – განაცხადა ტაბიძემ.

ტაბიძის თქმითვე, ის “ომიკრონს” პანდემიის დასასრულად არ მიიჩნევს:

“მე “ომიკრონს“ პანდემიის დასასრულად არ მივიჩნევ. ერთადერთი, “ომიკრონის” მაღალმა ციფრობრივმა მაჩვენებელმა, შეიძლება, შექმნას ე.წ იმუნიტეტის მაღალი რაოდენობა და ფენა დავუშვათ 70-75%. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აქედან გამოვალთ და დასრულდება.

დღეს ბუნებაში 3 000-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის ვირუსია, თუმცა არც ერთს არ ვებრძვით და არ დავდევთ ბუზის საკლავით, ის არსებობს ჩვენთან ერთად და ჩვენ მასთან ერთად. ჩვენ  გვიყალიბდება იმუნიტეტი, ამაშია მთელი მიკრობიოლოგია და ეპიდემიოლოგია.

მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსებთან ერთად თანაცხოვრება. სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს”, – აღნიშნა ტაბიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g