საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამით, “ომიკრონით” ინფიცირების შემთხვევებმა მოიმატა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 5 იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში ლაბორატორიულად სულ დადასტურებულია ომიკრონის 335 შემთხვევა.
როგორც გუშინ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, საქართველოში “ომიკრონის” შიდა გავრცელება დაიწყო:
“უკვე გვაქვს კონტაქტირებულ ადამიანებში გავრცელება, ანუ შიდა გავრცელებაც იწყება”, – თქვა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, “ომიკრონით” ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 20 დეკემბერს გამოვლინდა.
რაც შეეხება დღევანდელ კოვიდსტატისტიკას: გამოვლინდა 3 567 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 41 ადამიანი, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 105 ადამიანი.