ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, პარლამენტის წევრის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივას იგი მხარს დაუჭერს. ეს გადაწყვეტილება უსუფაშვილმა მოცემული საჭიროებით ახსნა და თქვა, რომ არც ოპოზიციასა და არც უმრავლესობაში სანდონი არ არიან, ამიტომ მისი თქმით, საჭიროა ამ კანონპროექტის იმ ფორმით მიღება, როგორადაც ახლაა წარდგენილი.
„ოპოზიცია არაფერს იბრიქება, ფაქტია, მოხდა ეს უბედურება, გახდა საჭირო ამ კვორუმის აწევა იმიტომ, რომ არ ვართ სანდონი არც აქეთ, არც იქით და არც მანამდე,“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისი თქმით, „ლელო“ მხარს უჭერს წარდგენილ კანონპროექტს არა იმიტომ, რომ ამით საოცარ ევროპულ სტანდარტს ვაღწევთ, არამედ იმიტომ, რომ პოსტსაბჭოური სტანდარტით ცხოვრებამ აქამდე მოგვიყვანა და გახადა იმის საჭიროება, რომ მსოფლიოს მოეთითებინა – „თქვენ მანდ ქართველები ძალაუფლებას ტრადიციულად ვერ უმკლავდებით ხოლმეო, ვერცერთი უმრავლესობა 1990 წლიდან მოყოლებულიო.“
„ყველა უმრავლესობას სხვადასხვა დოზით წაგიცდებათ ხოლმე ხელი იმ იარაღზე, რომელიც მაღალი სტანდარტით არის გამოსაყენებელიო. 1991 წელს ასეთი დაბალი სტანდარტით დაიწყო პირველი უმრავლესობის მიერ პირველი უმცირესობის წარმომადგენლის თენგიზ ბეჟაშვილის გაძევება, იმუნიტეტის შეწყვეტა და მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა.
წინა ხელისუფლებამ გელაშვილი ვერ მოკლა და რადგან ცოცხალი გადარჩა, პარლამენტიდან გააგდო. ამიტომ „ქართული ოცნება“ არ ბრძანდებით ერთადერთი და განუმეორებელი, ამ საკითხში შემჩნეული ძალაუფლების არასწორი გამოყენებით. ამას ნურც კომპლიმენტად მიიღებთ და ნურც ნამეტანი დამწუხრდებით.
ახლა მსოფლიომ დაინახა, რომ ძალაუფლებას ბოროტად იყენებს ხოლმე ხელისუფლება, ამიტომ გვითხრა 90 კაცზე ნაკლებით ნუ გაუშვებთ ვიღაცას წინასწარ პატიმრობაში, დაელოდეთ, სანამ სასამართლო დაადგენს განაჩენსო. თუ დაადგენს განაჩენს, ის კაცი თუ ქალი ავტომატურად გადის პარლამენტიდანო.
წინასწარ, გამოძიების დროს ასე მარტივად პარლამენტის წევრს ნუ ჩასვამთ ციხეშიო. იმიტომ, რომ თუ ჩასვამთ იმ იმედით, რომ ამით პრობლემებს შეიმცირებთ და ქვეყანას გადაარჩენთ კატაკლიზმებისგან, მეტი კატაკლიზმები დაგემართებათ ხოლმეო. ის, რაც დაემართა ამ ქვეყანას ბოლო გადაწყვეტილების დროს. ის, რაც წინა ხელისუფლებას დაემართა…
ვალერი გელაშვილის საქმე ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რის გამოც წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ციხეში უნდა იჯდეს და ზოგი ზის კიდეც. ამიტომ ნუ დავამადლით ვინმეს რამეს.
უმრავლესობას უნდა ჰქონდეს იმის საღი აზრი განსაჯოს, მართლა იმხელა ხიფათის შემცველია პირი, რომ წინასწარ პატირობაში გავუშვათ თუ არა. მე მხარს ვუჭერ ამ კვორუმსაც. 2/3-მდე გაზრდა დიახ, იქნება მეორე მხარეს გადახრა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის წევრის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა მიმდინარეობს.