LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოპოზიცია ჩემზე გაბუტულია… ქათამს თავს რომ მოაჭრი და დადის, ისე მოძრაობენ”- იაგო ხვიჩია ოპოზიციაზე

166
იაგო ხვიჩია

პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას 28 მაისს გეგმავს.

რა გეგმა აქვს ოპოზიციას და დაესწრებიან თუ არა სამშაბათის პლენარულ სხდომას, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე პრეზიდენტის ვეტო უნდა განიხილონ? „გირჩის“ დეპუტატი, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ “გირჩი” სხდომას დაესწრება, თუმცა დანარჩენი ოპოზიციის გეგმებზე ინფორმაცია არ აქვს:

„ოპოზიცია ჩემზე გაბუტულია. ჯერ დაუმსახურებელ შეურაცხყოფებს გვაყენებდნენ, მერე ჩვენც არ დაგვიკლია, ოღონდ დამსახურებულად და ამის შემდეგ არ გვიზიარებენ გეგმებს. ამიტომ, ქათამს თავს რომ მოაჭრი და დადის, ისე მოძრაობენ. არავინ ჰყავთ ისეთი, ვინც ეტყოდა, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება. საკუთარ თავს უქმნიან კომფორტულ გარემოს, რომელიც ბოლოს მთავრდება იმით, რომ აქციაზე „ფეისკონტროლი” არის ბაია პატარაია.

„არ ვაპირებ საჯაროდ ვინმეს დავუპირისპირდე, თუნდაც სიგიჟეს მაბრალებდნენ“ – როგორ ეხმიანება ბექა ყორშია სანდრო რაქვიაშვილის განცხადებას

ჩვენ ამ ხალხს ასეთ შეცდომებს არ ვაშვებინებთ. ეს რომ არ მოსწონთ, ამიტომ არ გვეძახიან და არ მაქვს ინფორმაცია, რას აპირებენ სამშაბათს. მე იმავეს ვაპირებ, რასაც სხვადასხვა სამშაბათს ვაკეთებდი. თუ დაჰკვირვებიხართ, „გირჩი” ყოველთვის სრულყოფილად აფიქსირებს პოზიციას. სამშაბათ დღეს ჩვენ ამისთვის ვიყენებთ” – განაცხადა ხვიჩიამ.

ხვიჩიას განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ვეტოს დაძლევის მომენტი გადამწყვეტია და „ამით ბოროტმოქმედება გაფორმდება“.

„გადამწყვეტი მომენტია, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს პარტნიორებს საჯაროდაც და როგორც ვიცი, არასაჯაროდაც, გაცხადებული აქვთ, რომ ეს ძალიან დიდ რისკებს შეიცავს ჩვენი დეპუტატების და მათი ოჯახის წევრების დასანქცირების. შეიძლება ახლა მათ უფრო მეტად „ქართული ოცნების”, სუს-ის ან ვიღაცის ეშინიათ, ამიტომ მზად არიან, საკუთარი თავის, ოჯახის წევრების და ქვეყნის ინტერესებიც ყველაფერს შესწირონ, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენ ვხდებით სხვანაირი ქვეყანა – რომ წარმოიდგინოთ, რომ ჩვენი პარლამენტის ყველა წევრი სანქცირებულია და რუსეთში და ირანში დადიან და სხვაგან სიარული არ შეუძლიათ; ვიზალიბერალიზაცია დგება კითხვის ნიშნის ქვეშ…

წარმოიდგინეთ, რომ ამ აქტით ხდება ამ ქვეყნის მოსახლეობის და საკუთარი ოჯახის წევრების წინაშე ბოროტმოქმედების გაფორმება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და მიხარია, რომ ეს მომენტი დგება. ქართველ ხალხს გვექნება ყველაფერი იმისთვის, რათა გავიაზროთ, რომ რაღაც უნდა შევცვალოთ და სერიოზულად ვიფიქროთ, როგორ დავასრულოთ ერთპიროვნული მმართველობა, ვისიც არ უნდა იყოს”- განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას 28 მაისს გეგმავს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, საკითხი ჯერ 27 მაისს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იქნება განხილული:

„27-ში (მაისს) იქნება კომიტეტი და 28-ში (მაისს) იქნება პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც ვეტო იქნება დაძლეული და ეს მოხდება ძალიან მარტივად, ძალიან სამართლიანად, რადგან არცერთი სამართლებრივი შენიშვნა არ ყოფილა. არ გავყიდით საქართველოს ინტერესებს და ყოველთვის ვიმოქმედებთ საქართველოს ინტერესების შესაბამისად. არც ველოდები, არც მეშინია არანაირი სანქციების“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g