LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოპოზიცია გაურბის პასუხისმგებლობას, რომ ამ საკითხის შინაარსობრივ განხილვაში შემოვიდნენ“ – ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკანონმდებლო პაკეტზე მსჯელობა გრძელდება

112
კომიტეტი

„ოპოზიცია არ ესწრება საკომიტეტო განხილვას, რითაც ჩვენი საზოგადოების წინაშე აფიქსირებს პოზიციას, რომ ეწინააღმდეგებიან კანონმდებლობის მიღებას“ – ამის შესახებ პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, სადაც ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვაში ოპოზიცია არ მონაწილეობს.

სხდომაზე მხოლოდ „გირჩის“ დეპუტატი ვახტანგ მეგრელიშვილი იმყოფებოდა, რომელმაც საკითხის მომხსენებელს, რატი იონათამიშვილს კითხვა დაუსვა, პასუხის შემდეგ კი დარბაზი დატოვა.

საკითხის საპარლამენტო განხილვა დღეს დაიწყო და მას ერთობლივად რამდენიმე კომიტეტი განიხილავს.

„ოპოზიცია არ ესწრება საკომიტეტო განხილვას, რითაც ჩვენი საზოგადოების წინაშე აფიქსირებს პოზიციას, რომ ეწინააღმდეგებიან კანონმდებლობის მიღებას. ან გაურბიან პასუხისმგებლობას, რომ ამ საკითხის შინაარსობრივ განხილვაში შემოვიდნენ“- განაცხადა სხდომის წამყვანმა გივი მიქანაძემ.

ცნობისთვის, საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება. მათგან ძირითადია პროექტი სახელწოდებით – „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, დანარჩენი 18 კი, მისგან გამომდინარე პროექტი. საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და უმრავლესობის წევრები: მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და სოზარ სუბარი.

უმრავლესობის განმარტებით, კანონპროექტის ინიციირების მიზანი ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერებაა.

საკანონმდებლო პაკეტი მთელი რიგი აკრძალვებისა და შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“