ხელისუფლებას სურს, რომ აქციები, მშვიდობიანი დემონსტრაცია და აზრის გამოხატვა რევოლუციად მონათლოს, მაგრამ ოპოზიციაში რევოლუციაზე არავინ საუბრობს და ეს საკითხი არც განიხილება. ამის შესახებ ”სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
”ეს არის სამთავრობო პროპაგანდა, თითქოს ვიღაცას რევოლუციით აშინებენ. ეს არის იმ ნარატივის გაგრძელება, რაც ”ქართულმა ოცნებამ” აირჩია. ოპოზიციაში რევოლუციაზე არავინ საუბრობს. ოპოზიციის არცერთ შეხვედრაზე რევოლუციის საკითხი არც განხილულა. უბრალოდ, ხელისუფლებას უნდა, აქციები, მშვიდობიანი დემონსტრაცია, აზრის გამოხატვა, რომელიც იყო და იქნება ამ ქვეყანაში, რევოლუციად მონათლოს. თუმცა, ეს არ არის რევოლუცია”. – აღნიშნა მან.
მისივე თქმით, აქციები გაიმართება, მაგრამ ეს არ იქნება რევოლუცია.
”რატომ გვაშინებენ სიტყვა ”რევოლუციით”?! ეს არის სამთავრობო პროპაგანდა, რევოლუციური სცენარის დახატვა. ვამბობ, რომ აქციები იქნება, მაგრამ ამას რევოლუციად ვერ მონათლავს ვერც ხელისუფლება, ვერც გომელაური, ვერც ”ქართული ოცნების” სხვა წარმომადგენლები”. – განაცხადა ჩიხლაძემ.
რაც შეეხება მანდატების შეწყვეტის საკითხს, ჩიხლაძე ფიქრობს, რომ ”ქართული ოცნება” პროცესს გაწელავს და ხელისუფლება ყველას მანდატს არ შეუწყვეტს.
”ქართული ოცნების” და ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია კიდევ უფრო შემცირდება იმიტომ, რომ საერთოდ გაუგებარი და ძნელი ასახსნელი იქნება ლოგიკურად, თუ იურიდიულად, 48%-ის მიმღები ხელისუფლება როგორ გაუუქმებს 52%-ის ხმების პროპორციით მიღებულ ოპოზიციას მანდატებს. ამიტომ, ეს დაბალი ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტი კიდევ უფრო არალეგიტიმური აღმოჩნდება. ამიტომ, ჩემი პირადი აზრია, მაინც თავს შეიკავებენ, რომ ყველას მანდატები გაუუქმონ. ისინი პროცესის გაწელვის ტაქტიკას აირჩევენ”- აღნიშნა სერგო ჩიხლაძე.
მისი თქმით, მიუხედავად ხელისუფლების ქმედებებისა, ოპოზიცია მოლაპარაკებებისთვის მზად არის.
”მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ, თუმცა ხელისუფლების მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები არ ჩანს, რაც პრობლემაა. ოპოზიციის და ”სტრატეგია აღმაშენებლის” გეგმებს რაც შეეხება, ჩვენ რამდენიმე მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას”. – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.