LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციონერი დეპუტატები განახლებულ მთავრობას ნდობას არ გამოუცხადებენ

66
FORTUNA.GE-

“ამ მთავრობას მხარს, პირველ რიგში, ღარიბაშვილის კანდიდატურის გამო არ დავუჭერთ” – საქართველოს პარლამენტში დღეს ახალი პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის ნდობის გამოცხადების საკითხზე უყრიან კენჭს, ამავე პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები კი ამბობენ, რომ არ აპირებენ ახალ მთავრობას ნდობა გამოუცხადონ.

ოპოზიციური პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამ გადაწყვეტილებას ხსნის იმით, რომ პრემიერის პოსტზე წარდგენილია ღარიბაშვილი. მისი თქმით, მმართველ გუნდს უნდა წარედგინა ისეთი კანდიდატი, რომელიც კომპრომისებზე წასვლას შეძლებდა:

“დღეს, ამ ვითარებაში, როდესაც ქვეყანა ორ ბანაკად არის გაყოფილი და ამ დაპირისპირებულ ბანაკებს შორის, ქვეყანა იგლიჯება, “ქართულ ოცნებას” უნდა წარმოედგინა ისეთი კანდიდატი და პოლიტიკოსი, რომელიც შეძლებდა კომპრომისებზე წასვლას”, – განაცხადა ელისაშვილმა და აღნიშნა, რომ რიტორიკა, რომელსაც ღარიბაშვილისგან “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებით ვისმენთ, სახიფათოა.

„ნაციონალურ მოძრაობასთან” მიმართებაში ღარიბაშვილის რიტორიკა სახიფათოა: ალეკო ელისაშვილი

კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის “ევროპელი სოციალისტების” წარმომადგენლები ამბობენ, რომ მხოლოდ დაპირების გამო, ახალი შემადგენლობისთვის მხარდაჭერა სწორი არ იქნება:

“როდესაც ხელისუფლება არა სიტყვებით, არამედ ფაქტებით დაადასტურებს, რომ მხარადასაჭერია, დადგება მომენტი და მხარდაჭერას გამოვუცხადებთ. მხოლოდ დაპირების გამო, მხარდაჭერა სწორი არ იქნება. იმედი მაქვს, რომ ისინი გაამართლებენ ქართველი ხალხის ნდობას და ამის შემდეგ, კი, ბატონო.” – თქვა პარტიის წევრმა დავით ზილფიმიანმა.

საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის განახლებულ შემადგენლობას კენჭს დღეს უყრიან.

მომავალი მინისტრთა კაბინეტი თითქმის იმავე შემადგენლობითაა წარმოდგენილი, როგორც პრემიერ გიორგი გახარიას თანამდებობაზე ყოფნის დროს. ცვლილება ორ უწყებას ეხება –  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე წარდგენილია ირაკლი ქარსელაძე, ხოლო თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ჯუანშერ ბურჭულაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები