LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოქროს ტალღა“ „იქს ფაქტორს“, როგორც საუკეთესო ტელეპროექტს – სანდრო კურცხალიძე პროექტის გამარჯვებულია!..

192

სამთვიანი მუსიკალური მარათონი ახალბედა შემსრულებლებისა და ცნობილი მენტორების მონაწილეობით დასრულდა. 3 ივლისს დაძაბული კონკურენციის პირობებში „იქს ფაქტორის“ გამარჯვებული გამოვლინდა – სანდრო კურცხალიძე, რომელმაც შესული 195 409 ხმიდან 57, 72% მიიღო. მისმა მენტორმა, სოფო ნიჟარაძემ, რომელსაც აღელვებისგან მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს, დღეს დილას ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა:

„დილა მშვიდობისა საქართველო, თუმცა ჩემთვის არც დაღამებულა, თავზე დამათენდა, იმხელა იყო ემოცია, რომ ვერ დავიძინე და უნდა გაგიზიაროთ ჩემი სიხარული და მადლობა გადაგიხადოთ ყველას, იმისთვის რომ ეს ბედიერება გვაჩუქეთ.

„X ფაქტორი“ 2017 დასრულდა, საოცარი ფინალის მომსწრე გავხდით ყველანი, განსაკუთრებული ნაკადი, უძლიერესი, ერთმანეთზე უკეთესი ფინალისტებით. ჩემმა სანდრომ ღირსეულად გაიმარჯვა ამ რთულ ბრძოლაში, მე ბედნიერი ვარ, როგორც მისი მენტორი, რომელმაც ყოველი წამი, წუთი, საათი, დღე, კვირა, თვე გამოიარა მასთან ერთად, მე ვიყავი თანამონაწილე ყველა ნერვიულობის, გამოცდის, გამოწვევის. მიხარია, რომ სანდროს დაუფასდა ეს შრომა, კიდევ ერთხელ მადლობა ყველას, ვინც ერთხელ მაინც დაურეკა სანდროს, ვინც მხარში გვედგა, ვისგანაც ვგრნობდით სითბოს და სიყვარულს, ვინც ეს ბედნიერება მოგვანიჭა, ჩვენ ეს ერთად შევძელით…“

[fbvideo link=”https://www.facebook.com/SofiaNizharka/videos/1920749764833679/?autoplay_reason=gatekeeper&video_container_type=0&video_creator_product_type=2&app_id=350685531728&live_video_guests=0″ width=”600″ height=”400″ onlyvideo=”1″]

სანდრო კურცხალიძემ, გრიგოლ ყიფშიძემ და ჯგუფმა „მიქსტურამ“ ორ-ორი სიმღერა შეასრულეს და მენტორების მოწონებაც დაიმსახურეს. ყველამ აღნიშნა, რომ წელს „იქს ფაქტორზე“ განსაკუთრებით ძლიერი სამი ფინალისტი შეიკრიბა. ყველა მათგანს დიდი რაოდენობით გულშემატკივარი ჰყავდა, თუმცა გამარჯვება სანდროს ხვდა წილად. გამარჯვებულს კომპანია „სვეტისგან“ ოროთახიანი ბინა ხვდა წილად, „ვერონასგან“ პრემიუმ კლასის იტალიური ავეჯი სახლის მოსაწყობად, ასევე მას გადაეცა ახლახთახალი „მაზდა“. adjarasport.com-მა რჩეულს ორკაციანი საგზური აჩუქა „Dream Town“-ში, ხოლო „ჯორჯიან ეირვეისმა“  – პრაღაში გასამგზავრებელი ბილეთი.

ფინალისტის გამოცხადებამდე და მას შემდეგ საჩუქრების მთელი არმია დაატყდა თავს ერთ-ერთ მონაწილეს, გრიგოლ ყიფშიძეს. ის გახდა რადიო „ფორტუნას“ რჩეული. სანამ ამას გამოაცხადებდა და გრიგოლს კომპანიის დირექტორის, თამუნა ჩიგოგიძის სახელით, ელტონ ჯონის კონცერტზე დასასწრებ ბილეთსა და კონცერტზე მოსახვედრ სრულ პაკეტს გადასცემდა, „ფორტუნას“ პიარმენეჯერმა, თამარ სადრაძემ „იქს ფაქტორის“ ორგანიზატორებს სიურპრიზი შესთავაზა – მან „ოქროს ტალღის“ ქანდაკებითა და შესაბამისი დიპლომით დააჯილდოვა პროდიუსერები გიორგი ხაბურზანია და დემნა ჯაფარიძე საუკეთესო მუსიკალური ტელეპროექტის – „იქს ფაქტორის“ შექმნისთვის. გრიგოლს „ალტაოქეიმ“ გადასცა 5000-ლარიანი ვაუჩერი, ზუსტად ამ თანხის ვაუჩერი მიიღო გრიგოლმა კომპანია „ზოდისგან“ სამშენებლო მასალების შესაძენად, „პენეტრონი საქართველოში“ გრიგოლს 2000-ლარიან სტიპენდიას დაჰპირდა. აღსანიშნავია, რომ ცნობილ სახეებს შორის ყველაზე მეტი მხარდამჭერი სწორედ ყველაზე პატარა მონაწილეს ჰყავდა, თუმცა მათი მხარდაჭერის მიუხედავად, ეს გრიგოლის მიერ მიღებული ხმების რაოდენობაში არ აისახა.

სამწუხაროდ, ჯგუფი „მიქსტურა“ უსაჩუქროდ დარჩა, რაც სტეფანეს ყურადღების მიღმა არ დარჩენილა და მან შემდეგი სტატუსი გამოაქვეყნა: „ვულოცავ სანდროს! ვულოცავ სოფოს! წარმატებები და წარმატებები თქვენ!  ⭐️❤️❤️

პ.ს: ერთი პატარა პრიზი ჩემს „მიქსტურას“ როგორ არ მიეცით ვინმემ ? რამდენი იშრომეს…“, აღნიშნა გულდაწყვეტით მომღერალმა.

დასრულებული „იქს ფაქტორი“ პროექტის პიარმენეჯერმა, სალომე ლილუაშვილმა სოციალურ ქსელში შეაფასა და ამგვარი სტატუსი გამოაქვეყნა:

„დასრულდა X ფაქტორი • X Factor -ის კიდევ ერთი სეზონი.

ახლა წარმოვიდგენ, რომ დაჯილდოების ცერემონიალზე ვარ და ისე ვიტყვი მადლობის ტექსტს)))

ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ შოუს შექმნაში მიიღო მონაწილეობა – შემოქმედებით ჯგუფს, კონკურსანტებს.

განსაკუთრებული მადლობა ყველა პარტნიორი კომპანიის წარმომადგენელს ნდობისა და თანამშრომლობისთვის.

და რაც მთავარია, მადლობა მაყურებელს, რომლის გადაწყვეტილებით ჩვენ ამ სეზონზეც უპირობო ლიდერები ვიყავით.  წინ ახალი სეზონი, ბევრი გეგმა და საინტერესო გზაა. შევხვდებით!“

ნინო მურღულია

 

magti 5g