ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი 2024 წლის ოქტომბრის ხაჭაპურის ინდექსს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.62 ლარი შეადგინა, რაც სექტემბერთან შედარებით 2%-იანი, ხოლო 2023 წლის ოქტომბერთან შედარებით 8%-იანი ზრდაა.
თვიურ ჭრილში, ხაჭაპურის ინდექსი ყველაზე მეტად – 6.6%-ით თელავში გაიზარდა, კერძოდ, ხაჭაპურის მომზადების ღირებულებამ 7.17 ლარი შეადგინა, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს 8.4%-ით აღემატება. აღნიშნული ზრდა უკავშირდება კახეთის საშემოდგომო სეზონს, განსაკუთრებით რთველის პერიოდს, რომელიც აგვისტოს ბოლოს იწყება და რამდენიმე კვირა გრძელდება. რთველი იწვევს ტურისტული ნაკადების გადანაცვლებას შავი ზღვის სანაპიროდან თელავისა და მიმდებარე რეგიონებისკენ. ტურისტების სეზონური მატება ფასების მნიშვნელოვან ცვლილებებს განაპირობებს.
წლიურ ჭრილში, თითქმის ყველა ინგრედიენტის ღირებულებამ განიცადა ინფლაცია, გარდა კვერცხისა, რომლის ფასიც 1.5%-ით შემცირდა. საფუვრის ფასმა ყველაზე დიდი წლიური ზრდა (21.8%) აჩვენა, შემდეგ მოდის კარაქი (16.4%), რძე (13.2%), ყველი (8.6%) და ფქვილი (4.6%). ინგრედიენტების უმეტესობისთვის ფასები თვიურ ჭრილშიც გაიზარდა, ამ შემთხვევაში გამონაკლისს რძე წარმოადგენს, რომლის ფასიც 1.9%-ით შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ მომდევნო თვეებში, რძის მიწოდების სეზონური შემცირების გამო, ხაჭაპურის ძირითადი ინგრედიენტების – ყველისა და რძის ფასების შემდგომი ზრდაა მოსალოდნელი.