თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული 15 პაციენტიდან 2-ის ინფიცირების წყარო უცნობია.
„დაგვემატა 15 ახალი შემთხვევა, დღევანდელი მონაცემით 1385 დადასტურებული შემთხვევაა. 15-დან 4 ინფიცირებულის წყარო ლენჯერია, 6 პაციენტის წყარო არის კონტაქტები დადასტურებულ შემთხვევებთან, 3 არის იმპორტირებული, 2 შემთხვევაზე ეპიდკვლევა გრძელდება, კონტაქტების მოძიების და წყაროს დადგენის მიზნით.
გამოჯანმრთელებულების რიცხვი გაიზარდა 20-ით, გვყავს 1128 გამოჯანმრთელებული. დღევანდელი მონაცემებით მკურნალობს 240 დადასტურებული შემთხვევა.
მათგან 6 კრიტიკულად მძიმე პაციენტია, ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობენ. 23 მძიმე პაციენტია, დანარჩენების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის და საშუალოზე მსუბუქია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
უშუალოდ თბილისის ინფექციურ სავადმყოფოში 32 ინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას. აქედან 1 კრიტიკულად მძიმე პაციენტია, 2 კი მძიმე.