თემურ ჭყონია ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ კრიზისზე საუბრობს და ამბობს, რომ ფაქტობრივად, ორმოში ვართ, თხრას ვაგრძელებთ და ამოსვლის გზებს არ ვეძებთ. გარდა ამისა, ცნობილი ბიზნესმენი სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლების 24-საათიან ბოიკოტსაც ეხმაურება და მათ მიმართ პატივისცემას გამოხატავს.
როგორც ჭყონიამ “TV პირველის” ეთერში განმარტა, ქვეყნის ეკონომიკა კონფრონტაციით ვერ გაიზრდება. „ეკონომიკის ზრდა არ შეიძლება კონფრონტაციით, ზიზღით, გაუტანლობით, უპატივცემულობით. ჩვენ ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ ვერ გაგვირკვევია, რა გზას დავადგეთ: პოლიტიკურ კრიზისში ჩავერთოთ თუ ეკონომიკური კრიზისის მოგვარებაში”, – აღნიშნა ბიზნესმენმა.
რაც შეეხება მთავრობისა და ბიზნესის ურთიერთობას, ჭყონია ამბობს, რომ მთავრობა ვალდებულია, ბიზნესს ვალი დაუბრუნოს.
„ის ბიზნესმენები, რომლებსაც ძალიან დიდ პატივს ვცემთ, საქართველოში 30 წლის განმავლობაში ქმნიდნენ ბიზნესს, რომელიც არცერთი მთავრობის პროგრამაში არ იდო. ეს იყო დამოუკიდებელი ხალხი, რომელმაც თავის დროზე საბაზრო ეკონომიკის საფუძვლები ძალიან სწორად გაიგო და შექმნა საქართველოს ეკონომიკა. ვფიქრობ, ნებისმიერი მთავრობა – დღევანდელი, წარსული, მომავალი ვალდებულია, ამ ბიზნესმენებს ვალი დაუბრუნოს იმ უზარმაზარი შრომით და შექმნილი ეკონომიკით, რომელიც ქვეყანაში არსებობს. უდიდესი პატივისცემა მინდა გამოვხატო რესტორატორების მიმართ, რადგან მათ შექმნეს აბსოლუტურად განსხვავებული სისტემა საქართველოში, რომელიც თავისი ნიჭით, ფინანსებით და რისკით იყო შექმნილი“, – განმარტა თემურ ჭყონიამ.
შეგახსენებთ, შაბათს, რესტორნების დიდმა ნაწილმა, დროებით, კერძოდ კი 24 საათით, ონლაინ მუშაობა შეწყვიტა.