აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციისა და რეგიონში კულინარიის განვითარების მოზნით, საქართველოს რეგიონებში გრძელდება შესაბამისი შინაარსის ფესტივალები. ამჯერად ქართული ყველისა და კულინარიის ფესტივალს გურჯაანმა უმასპინძლა. პროექტის მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია.
ფესტივალი გურჯაანში ახტალის პარკში გაიმართა და პროგრამა, რომელიც ღონისძიების მიერ იყო გათვალისწინებული, მრავალფეროვანი და საინტერესო გამოდგა. ორგანიზატორების მიერ ყველა ასაკის მაყურებელსა და დამთვალიერებელზე გათვლილი პროგრამა, მთელი დღის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა.
ახტალის პარკში, რამდენიმე ადგილას მოეწყო სხვადასხვა საფესტივალო სივრცე და შთამბეჭდავი აღმოჩნდა ეთნოკულინარიისთვის დათმობილი ადგილი. აღნიშნულ სივრცეში სამეგრელო ზემო-სვანეთის, იმერეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებიდან ჩამოსულმა კულინარებმა, სტუმრებისთვის თავიანთი კუთხისთვის დამახასიათებელი კერძები მოამზადეს.
4 მეტრიანი ხაჭაპური და 3 მეტრიანი გებჟალია – სამეგრელოში “ხაჭაპურის ფესტივალი” გაიმართა (ფოტო/ვიდეო)
კულინარიის მასტერკლასებს ახალგაზრდა შეფ-მზარეულებიც ატარებდნენ. მათ ფესტივალის სტუმრები, ორსართულიანი ხინკლის მომზადებით გააკვირვეს.
ფესტივალს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი დაესწრო. მან მედიასთან კომენტარი გააკეთა და ვრცლად ისაუბრა მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობასა და როლზე როგორც რეგიონისთვის, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით. ხატია წილოსანის განმარტებით, პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონის ტურისტული პოტენციალის ზრდას, რაც ქვეყნის ეკონომიკაში დადებითად აისახება.
ღონისძიების მასპინძელი ქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა, ფესტივალის იდეას ერთ-ერთი წარმატებული წინ გადადგმული ნაბიჯი უწოდა, რომელიც რეგიონში ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია. დეპუტატმა პროექტის განხორციელებაში მხარდაჭერისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს და პარტნიორ ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა.
პროგრამის ფარგლებში ახტალის პარკში 50-ზე მეტი ქართული ყველის სახეობა და ყველის ნაწარმი იყო წარმოდგენილი. ასევე ქართული ღვინო, ნუგბარი და სხვადასხვა ადგილობრივი წარმოების პროდუქტი. აქვე გაიმართა ხელით ნამუშევრებისა და ნახატების გამოფენა-გაყიდვაც.
ქართული ყველისა და კულინარიის ფესტივალი წელს გურჯაანში პირველად ჩატარდა, თუმცა ორგანიზატორების თქმით, ის სისტემატიურ ხასიათს მიიღებს და ტრადიციულად ყოველი წლის შემოდგომაზე გაიმართება.
ლიკა შამათავა
გურჯაანი-თბილისი