ტოვებს თუ არა „ქართულ ოცნებას“, ამის შესახებ გედევან ფოფხაძე განცხადებას ორშაბათს დაგეგმილ ბრიფინგზე გააკეთებს, – ამის შესახებ დეპუტატმა ჟურნალისტებს ეკა ბესელიას ბრიფინგის შემდეგ განუცხადა.
ფოფხაძის თქმით, ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე ის ბოლოდროინდელ მოვლენებსა და საკუთარ გადაწყვეტილებაზე უფრო ვრცლად ისაუბრებს.
„როგორც მეგობარი, ჩვენ ბევრი რამე ერთად გვაქვს გამოვლილი და მიმაჩნია, რომ მისი გადაწყვეტილება „ქართული ოცნებისთვის“ უნდა იყოს ძალიან დამაფიქრებელი. ეს სწორედ ნიშანია იმისი, რომ „ქართული ოცნება“ დაშორდა იმ ღირებულებებს, რა ღირებულებითაც ვიწყებდით. მე მინდა მშვიდად, წყნარ ატმოსფეროში გავაკეთო დასაბუთებული და გააზრებული, არგუმენტირებული ბრიფინგი, რომელზედაც მომეცემა საშუალება ეს თემები, რაც ბოლო დროს ხდებოდა და ცოტა უფრო ადრეც, უფრო სრულად გავშალო თქვენს წინაშე. ორშაბათს გეტყვით ყველაფერს,” – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
მისივე თქმით, იგი ორშაბათის ბრიფინგზე დეტალურად ისაუბრებს იმ პროცესებზე, რომელიც ხდება „ქართულ ოცნებაში“ პირადად მასთან დაკავშირებით.