ორსულობის შემდეგ ქალებს, როგორც წესი, მხოლოდ 6 კვირა ეძლევათ გამოჯანმრთელებისთვის, თუმცა ახალი სამეცნიერო კვლევები მიუთითებს, რომ ტვინში ორსულობის პერიოდში მიმდინარე ცვლილებების აღდგენას სინამდვილეში 2-დან 6 წლამდე პერიოდი შეიძლება დასჭირდეს.
ეს პროცესები გავლენას ახდენს ქალის მეხსიერებაზე, კონცენტრაციაზე, ჰორმონულ ბალანსსა და სტრესულ რეაქციებზე. სწორედ ამიტომ, ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ მშობიარობის შემდეგ მოთმინება და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.
ორსულობისა და მშობიარობის შემდეგ ჰორმონების, განსაკუთრებით ესტროგენისა და პროგესტერონის, მასშტაბური ცვლილებები ცვლის ტვინის ქიმიას. პროგესტერონის მატება ხელს უწყობს ძილიანობას და გონებრივ დაბინდვას, ხოლო ახალშობილზე ზრუნვისას დაგროვილი ქრონიკული დაღლილობა მეხსიერებასა და კონცენტრაციაზე ახდენს გავლენას. მშობიარობის შემდეგ ეს ჰორმონები მკვეთრად იკლებს და ორგანიზმს ადაპტაციას შესაძლოა თვეები ან წლებიც კი დასჭირდეს. სწორედ ამიტომ ხშირია განწყობის ცვალებადობა, შფოთვა ან დეპრესიული ფონი. ეს ბუნებრივი ბიოლოგიური პროცესის ნაწილია და არა სისუსტე.
გარდა ამისა, ორსულობა ცვლის ორგანიზმის სტრესზე რეაგირების სისტემას. ამ დროს კორტიზოლის, სტრესის ჰორმონის დონე იზრდება, რაც გავლენას ახდენს ტვინის იმ უბნებზე, რომლებიც ემოციურ და სოციალურ ქცევებს არეგულირებენ. ეს ადაპტაცია ეხმარება დედას ახალ რეალობასთან შეგუებაში, თუმცა ზედმეტმა სტრესმა შეიძლება გაზარდოს შფოთვისა და დეპრესიის რისკი და იმოქმედოს ბავშვის ემოციურ განვითარებაზეც.
ექიმები ხაზს უსვამენ, აუცილებელია საკუთარ თავს მოექცეთ სითბოთი და გაგებით. ეს ცვლილებები არ არის თქვენს კონტროლში, ისინი ბუნებრივი, დროებითი და თითოეული დედისთვის განსხვავებულია. ამიტომ, ნუ მოგერიდებათ დახმარების თხოვნა ან ემოციურ მხარდაჭერაზე ზრუნვა.
															