„ოსკარის“ დაჯილდოვების ცერემონიალი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღონისძიებაა, ყველას უნდა იქ მოხვედრა, ყველა მსახიობს კი სანატრელად აქვს, ერთხელ მაინც გადაინაცვლოს დარბაზიდან სცენაზე და სამადლობელო სიტყვა წარმოთქვას მას შემდეგ, რაც „ოქროს კაცუნას“ გადასცემენ.
წლევანდელი „ოსკარის“ მასპინძელი „ჯი დი ეს“-ია. სწორედ ამ ტელევიზიის ეთერით შეიტყობთ, 28 თებერვალს, ვინ მიიღებს „ოსკარს“. მანამდე კი ამავე ტელევიზიის ეთერით ვნახეთ ნომინაციების გამოცხადების ცერემონიალი.
სპეციალურად ამ დღისთვის, ტელეარხმა, კინო „ამირანთან “ ერთად, ღონისძიება გამართა. ტელევიზიის სტუდიაშიც და კინოთეატრის ფოიეშიც წითელი ხალიჩა დააგეს, სტუდიას მსახიობები სტუმრობდნენ, კინოთეატრს – კინომოყვარულები.
სტუმრებს წითელი და შავი ღვინით გაუმასპინძლდნენ. ნომინაციების გამოცხადებისას ცხადი გახდა, რომ ალეხანდრო გონსალეს ინარიტუს „რევენანტი“ ამ დაჯილდოვების უპირობო ლიდერია 12 ნომინაციით, მათ შორის საუკეთესო მამაკაცი მსახიობის (ლეონარდო დიკაპრიო) და მეორეხარისხოვანი მამაკაცი მსახიობის (ტომ ჰარდი) ნომინაციებზე. ყველაზე მეტი გულშემატკივარი საქართველოში სწორედ დიკაპრიოს ჰყავს, რომელიც ამ ჯილდოს დიდი ხანია, ელოდება…
ნომინაციებს შორის, სამწუხაროდ, არ მოიძებნა ადგილი ბრწყინვალე სცენარისტის, აარონ სორკინისთვის, რომელმაც „სტივ ჯობსის“ ახალ ეკრანიზაციაში სიტყვებით ჯადოქრობის მასტერკლასი ჩაგვიტარა. სხვათა შორის, მაიკლ ფასბენდერი „სტივ ჯობსში“ შესანიშნავად თამაშობს და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს მაყურებელს, რეჟისურაზე რომ აღარაფერი ვთქვათ… კეიტ უინსლეტი მეორეხარისხოვანი ქალის როლისთვის ასევე წარდგენილი „ოსკარზე“, მან ამ როლისთვის უკვე მოიპოვა „ოქროს გლობუსი“.
სამაგიეროდ, სცენარისთვის დააფასეს რეჟისორი კვენტინ ტარანტინო, რომელმაც მორიგი შედევრი შექმნა ბრწყინვალე თანავარსკვლავედის მონაწილეობით, „სასურველი რვიანი“ და ის ნომინანტებს შორისაა. სხვათა შორის, ამ ფილმის ნახვა უკვე შეგიძლიათ ქართულ კინოთეატრებში, კიდევ ერთ ნომინანტ, სტივენ სპილბერგის „ჯაშუშთა ხიდთან“ ერთად.
როგორც კინომოყვარულები აღნიშნავენ, კინოაკადემიას დიდი არჩევანი არ ჰქონია, რადგან გასული წელი კარგი ფილმებით გამოირჩეოდა, რასაც 2015 -ზე ვერ ვიტყვით.
ნიკა ესებუა, ჟურნალისტი:
ზოგადად, 2015 წლით ვარ უკმაყოფილო. რაც შეეხება ნომინაციებს, დიდი მოულოდნელობა არ ყოფილა. ველოდებოდი ტომ ჰარდის ნომინანთა შორის, რადგან მიუხედავად იმისა, რომ დიკაპრიოს საქართველოში დიდი ფანკლუბი ჰყავს, მაინც ვიტყვი, რომ ჰარდი „რევენანტში“ უკეთ თამაშობს, ვიდრე დიკაპრიო. ვფიქრობ, მომავალში სხვა როლებისთვის უფრო შეიძლება დააჯილდოვონ დიკაპრიო, ვიდრე წელს, თუმცა ცუდი შანსები ნამდვილად არ აქვს. მე მამაკაცის მთავარ როლზე ფასბენდერს ვგულშემატკივრობ „სტივ ჯობსისთვის“, თუმცა სიმართლე გითხრა, მეც მგონია, რომ დიკაპრიო აიღებს ჯილდოს.
რაც წელიც იყო, ის ნომინანტები იყვნენ ზოგადად, მაგრამ ქალის მთავარი როლზე ხუთივე მსახიობი შესანიშნავია და თანაბარი შანსები აქვთ.
ვფიქრობ, წლის ფილმი „რევენანტი“ გახდება, მაგრამ მე მაინც სხვისკენ ვიქნები, რადგან სუსტი ფილმია (იღიმის).
ია ვეკუა, ჟურნალისტი:
აარონ სორკინი სცენარისტებს შორის რომ არ წარადგინეს, ძალიან გასაკვირია, მაგრამ მას შეუძლია, არაფრისგან შექმნას ისტორია, ეს ჩვენ საუკეთესოდ ვნახეთ „სოციალურ ქსელში“ რამდენიმე წლის წინ და „სტივ ჯობსში“ – ახლა. მოველოდი და გამიმართლდა მოლოდინი, რომ 87 წლის კინომუსიკის პატრიარქი, ენიო მორიკონე ნომინირებულია საუკეთესო მუსიკისთვის, რომელიც კვენტინ ტარანტინოს ფილმისთვის შექმნა. მიხარია, რომ ტომ ჰარდი ნომინირებულია „რევენანტისთვის“, მასზე დგას ეს ფილმი. ცუდია, რომ 9 წლის ბიჭი ჯეიკობ ტრიმლი არ შეიყვანეს ნომინაციებში, ის „ოთახში“ ბრწყინვალედ თამაშობს და გირჩევთ ამ ფილმის ნახვას. არავის გაუკვირდა ჯენიფერ ლოურენსის, კეიტ ბლანშეტის, კეიტ უინსლეტის ნომინაციებში მოხვედრა. რა უნდა გააკეთონ ისეთი, რომ გაგვიკვირდეს. რა თქმა უნდა, „დანიელ გოგონაში“ ედი რედმეინი გამორჩეულია და წინასგან განსხვავებით, ახლა უფრო იმსახურებს „ოსკარს“.
ნინო მურღულია
