LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოსურმა მხარემ ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე დამკვირვებელი დააკავა

176
71900632-2613095495422855-3351805933930938368-o

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ერთ-ერთი დამკვირვებელი, რომელიც ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე პატრულირებდა, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დროებით დააკავეს. მისია ამ დროისთვის ჯერ კიდევ სწავლობს ინციდენტის დეტალებს, თუმცა მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ის არეალი, სადაც მათი დამკვირვებელი დააკავეს, თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაა. მათივე თქმით, ღრმად შეშფოთებულები არიან ისეთი შემთხვევებით, როდესაც შეიარაღებული აქტორები ხელს უშლიან დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში.

,,უსაფრთხოების საკითხებში უკანასკნელი მოვლენების განვითარების შემდეგ, ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ მნიშვნელოვნად გაზარდა პატრულირება ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე სტაბილურობის მხარდასაჭერად.

ევროკავშირის მონიტორინგის მისია ღრმად შეშფოთებულია ამ შემთხვევით, როდესაც შეიარაღებული უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები ევროკავშირის მონიტორინგის მისიის დამკვირვებლებს მათი მანდატის შესაბამისად ყოველდღიური საქმიანობის შესრულებაში უშლიან ხელს.

ინციდენტი განხილული იქნება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ტექნიკურ შეხვედრაზე, ხვალ ერგნეთში“, – ნათქვამია ევროკავშირის მონიტორინგის მისიის განცხადებაში.

არაღიარებული რეჟიმი ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს „პროვოკაციად“ აფასებს. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი იგორ კოჩიევი აცხადებს, რომ დამკვირვებელმა ე.წ საზღვარი დაარღვია.

არაღიარებული რეჟიმი ევროკავშირის დამკვირვებლებს ბრალდებას უყენებს

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ევროკავშირის დამკვირვებლებს ე.წ. საზღვრის დარღვევაში და პროვოკაციაში ადანაშაულებს

დე ფაქტო ხელისუფლება ჩორჩანასთან ქართული საპოლიციო საგუშაგოს მოწყობითაა გაღიზიანებული და ამ კონტექსტში შეიარაღებული კონფლიქტის მზარდ საფრთხეებზე მიუთითებს.

ოკუპანტებმა სოფელ წაღვლთან საგუშაგოს მოწყობა დაასრულეს – მოსახლეობა უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს

სწორედ ჩორჩანას საგუშაგოს პოსტის გამო არაღიარებულმა რეჟიმა ერგნეთის შეხვედრების არაერთი რაუნდი ჩაშალა.

ცნობისთვის, კიდევ ერთი ბრალდება დღეს საოკუპაციო რეჟიმის უშიშროების კომიტეტის მხრიდანაც გაჟღერდა. ცხინვალის ე.წ КГБ თბილისს დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს და წერს, რომ ქართული ძალოვანი უწყებები ზნაურის რაიონში მასშტაბურ პროვოკაციებს ამზადებენ.

თბილისში განცხადებას დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილად აფასებენ. სუსში აცხადებენ, რომ საოკუპაციო რეჟიმი ჩორჩანაში საკუთარი პროვოკაციული ქმედებების გამართლებას ცდილობს.

მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია – ატოცის მცხოვრებლები საოკუპაციო ხაზთან სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ახორციელებენ

პოპულარულები