თბილისის საკრებულოს ფრაქციის, „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ეხმიანება ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს, რომელშიც ისინი 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაში ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ.
ბოკერია კალაძეზე: მაგალითია, თუ რას გვიქადის ივანიშვილი რეჟიმი, რომლის პროდუქტიცაა კალაძე
როგორც ოთარ გრიგოლიამ საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ოპოზიციის წარმომადგენლების ქმედებები ყველა ზღვარს გასცდა:
„სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების მოქმედებები ყველა ზღვარს გადასცდა და ამაზრზენი ფორმა მიიღო. ჩვენი ოპონენტები ცდილობენ ამ ტრაგედიის თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას, რაც სრულიად ამორალურია“, – აღნიშნა მან.
ფრაქციის თავმჯდომარე ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდებს, უღირსი კამპანია შეწყვიტონ და კონსტრუქციულ რეჟიმს დაუბრუნდნენ:
„მოვუწოდებ მათ, შეწყვიტონ ეს ამაზრზენი კამპანია და დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ და ადეკვატურ რეჟიმს, რომელსაც იმსახურებს არსებული რეალობა და ის ოჯახები, რომელიც ამ უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდნენ. მათ პოლიტიკურ ინტერესებსაც უნდა ჰქონდეს ზღვარი, რომელიც გადალახული არ უნდა იყოს“, – თქვა მან.
გრიგოლიას თქმითვე, საზოგადოებამ კარგად დაინახა, მცდარი იყო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები, თითქოს გამოძიება არასწორი მიმართულებით მიდის და პასუხისგებაში არავინ მიეცემა:
„ქალაქის მერმა დღეს დაავალა მერიას დაქვემდებარებულ უწყებებს ყველა იმ შესრულებული სამუშაოს ინსპექტირების განხორციელება, რომლის ექსპერტიზაც შპს „მშენექსპერტმა“ შეასრულა. ყველა კითხვას აუცილებლად გაეცემა პასუხი, ამიტომ უნდა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას, რათა კიდევ უფრო მეტ კითხვაზე მივიღოთ პასუხი“,- თქვა ოთარ გრიგოლიამ.