საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია არაბული კომპანიის „Fadox International Assets Holding” გენერალურ მენეჯერს ჯამალ ალ-სალაჰატს შეხვდა.
შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება აღმოსავლეთ საქართველოში ნუშის ბაღების გაშენებას და გადამმუშავებელი საწარმოების შექმნას დაეთმო. მინისტრი სოფლის მეურნეობაში ახალი ინვესტიციების განხორციელებას მიესალმა და აღნიშნა, რომ სამინისტრო, კომპეტენციის ფარგლებში, ყველა ინვესტორს მაქსიმალურ მხარდაჭერას გამოუცხადებს.
„ქვეყანაში გვაქვს ღია საინვესტიციო გარემო და დაცული ყველა პირობა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია განხორციელდეს. ამაზე მეტყველებს ის სტატისტიკაც, რაც ქვეყანას ეკონომიკური ზრდის მიმართულებით აქვს. მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციების განხორციელება. სექტორის განვითარებისთვის სახელმწიფო არაერთ პროექტს ახორციელებს. მომავალ ოთხ წელიწადში კიდევ უფრო გავზრდით სექტორის დაფინანსებას. საქართველოში ნუშის წარმოებისთვის ყველანაირი პირობა არსებობს, ფერმერებმა სახელმწიფოს მხარდაჭერით, დაახლოებით, 5 000 ჰა-მდე ნუშის ახალი ბაღები გააშენეს. აქტიურად ვითარდება გადამმუშავებელი სექტორიც. ამ მიმართულებით ინვესტიციებს მხოლოდ მივესალმებით, ვფიქრობ, ეს ბაზარზე კონკურენტუნარიანობას კიდევ უფრო გაზრდის“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.
კომპანია „Fadox International Assets Holding”, რომელიც დუბაიშია დაფუძნებული, „Fadox Group”-ის შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. მას სხვადასხვა სფეროში საერთაშორისო პროექტების დაფინანსებისა და ინვესტიციების მართვის მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვს.