საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიის ჯანმრთელობის და სურსათის უვნებლობის გენერალურ დირექტორს სანდრა გალინას შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება იმ პროგრესზე გამახვილდა, რომელსაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია.
როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, სამინისტრო აქტიურად ემზადება ევროინტეგრაციის შემდეგი ნაბიჯებისთვის – ევროკომისიის 2023 წლის 11 ნოემბრის გაფართოების პოლიტიკის საკითხებზე კომუნიკაციის დოკუმენტით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულების კოორდინაციისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, უკვე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. ჯგუფი ყველა იმ ღონისძიებისა და საჭიროების იდენტიფიცირებას მოახდენს, რაც აუცილებელია აღნიშნული რეკომენდაციების აღსრულებისთვის შესაბამისი აქტივობების ეფექტიანად და დროულად განსახორციელებლად.
„ჩვენთვის პრიორიტეტია ევროკავშირის ბაზარი და ამ ბაზარზე არსებული პოტენციალის სრულად გამოყენება. ამისთვის აუცილებელია ადგილობრივი აგროსასურსათო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლება. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელსაც სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებებში მიაღწია საქართველომ, რაც, გარკვეულწილად, სამეზობლო პროგრამის დამსახურებაცაა. საქართველო აგრძელებს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელებას. უკვე გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები ჩვენი ვალდებულებების შესასრულებლად. ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, საქართველო 2015 წლიდან წარმატებით აახლოებს ეროვნულ კანონმდებლობას ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან ვეტერინარიის, ფიტოსანიტარიისა და სურსათის უვნებლობის მიმართულებით და ეს პროცესი 2028 წლამდეა გაწერილი”, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
ევროკომისიის ჯანმრთელობის და სურსათის უვნებლობის გენერალურმა დირექტორმა მადლობა გადაუხადა ოთარ შამუგიას დეტალური ინფორმაციის მიწოდებისთვის, დადებითად შეაფასა სურსათის უვნებლობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები და მზადყოფნა გამოთქვა აქტიური თანამშრომლობისთვის.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე ბიძინა ჯავახიშვილი და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე ესწრებოდნენ.