მომღერლები ოთო ნემსაძე და მარიტა როხვაძე ბათუმში, ჩოგბურთის კორტებზე მისულ მსმენელს ენერგიულ სანახაობას ჰპირდებიან. ისინი დღეს, 27 აგვისტოს, საღამოს 8 საათზე ერთობლივ კონცერტს გამართავენ, რომელზე დასწრებაც ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეუძლია.
ოთო ნემსაძე:
მე და მარიტა Relation-ბენდთან ერთად წარმოვადგენთ ჩვენ-ჩვენ პროგრამას. დღეს დუეტები არ იქნება, ცალ-ცალკე შევასრულებთ ცნობილი სიმღერების ქავერ-ვერსიებს. ყველას ველოდებით. ვფიქრობთ, რომ კორტები გაივსება.
მაყურებელს ვპირდებით, რომ ისეთ სიმღერებს შევასრულებთ, რომ ფეხის ათამაშების გარეშე საღამო არ ჩაივლის (იღიმის). ასე რომ, ერთად ავათამაშოთ ფეხები, შეგიძლიათ, პირდაპირ ასე დაწეროთ (იცინის)…
ოთო, კორტებზე შენი პირველი კონცერტია?
კორტებზე აქამდე არასდროს გამოვსულვარ, არც ბათუმში მქონია კონცერტი წელს. მქონდა ერთი ორი-კონცერტი, თუმცა ცოცხალი გამოსვლების ფუფუნება ნამდვილად არ გვაქვს, კონცერტები ძალიან იშვიათად იმართება.
რა გეგმები გაქვს შემოდგომაზე?
ახლა ვისვენებ, დაღლილი ვარ ძალიან. შემოდგომაზე მინდა, რომელიმე დიდ კონკურსზე ვცადო ბედი, თუმცა ჯერ ვერ გეტყვით, სად. ასევე მალე ჯგუფს წარვადგენ, რომელთან ერთადაც უკვე მაქვს 8-9 სიმღერა მზად. როგორც კი თბილისში დავბრუნდები, სტუდიაში შევალთ და ჩავწერთ. არ ვიცი, აქ გვექნება აქტივობები თუ საზღვარგარეთ, ჯერჯერობით უფრო ვრცლად ამ ჯგუფზე ვერ დაგელაპარაკებით.
ნინო მურღულია