LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა ბურჭულაძის შვილები უსაფრთხოების სამსახურისგან კომაპნიის კუთვნილი ტექნიკის დაბრუნებას ითხოვენ: “ვის და რატომ დაჭირდა ჩვენი კომპანიის იძულებით შეჩერება?”

119
90521994-251856422643860-8577104360750710784-n

პაატა ბურჭულაძის შვილები უსაფრთხოების სამსახურისგან კომპანიის კუთვნილი ტექნიკის დაბრუნებას ითხოვენ. ამასთან დაკავშირებით, შუქრი და ალექსანდრე ბურჭულაძეებმა განცხადება გაავრცელეს. ამასთან, ისინი გამოთქვამენ ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ მათი კომპანიის განზრახ გაჩერება სურდათ. 

“ემ ეს ჯგუფი”-ის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

“უპირველესად გვინდა მადლობა გადავუხადოთ თანადგომისთვის და გულშემატკივრობისთვის ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს. ამ დღეებში არაერთი ადამიანი და კომპანია დაგვიკავშირდა და შექმნილ ვითარებაში მხარდაჭერა შემოგვთავაზა. საქმე ის გახლავთ, რომ 18 მარტს განხორციელებული და სრულიად გაუგებარი სპეცოპერაციის შედეგად „ემ ეს ჯგუფი“-ს ოფისში შეიჭრა უსაფრთხოების სამსახური და წაღებულია კომპიუტერული ტექნიკა, ასევე ჩვენი პირადი ნივთები, მათ შორის ჩვენი ოჯახის ფოტოსურათები. ჩვენთვის ამოუცნობია თუ რატომ მოჰყვა ასეთი ძალის გამოყენება, 7 საათიანი ჩხრეკა და „ემ ეს ჯგუფი”- ს საქმიანობის იძულებითი შეჩერების მცდელობა, ჩვენი თანამშრომლის მიერ საკუთარი ოჯახის წევრებისა და ორი მეგობრისადმი გაგზავნილ 6 ტექსტურ შეტყობინებას, რომელიც აღნიშნული პირების მიერ არ ყოფილა შემდგომ გავრცელებული. აღნიშნული ფაქტი გახლდათ შიდა საკონტრაქტო პირობების დარღვევა. 17 მარტს ჩვენმა თანამშრომელმა აღიარა და იძულებული გავხდით გაგვეთავისუფლებინა იგი დაკავებული თანამდებობიდან. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საუბარია ტექსტურ შეტყობინებაზე და არა ხმოვან გზავნილზე, რომელიც ბოლო დღეებში მოქალაქეებს გაეგზავნათ. ხმოვანი გზავნილები არანაირ კავშირში არ არის ჩვენს კომპანიასთან. „ემ ეს ჯგუფი“-ს ტექნიკური სისტემა მკაცრად არის დაცული და თვითნებურად არც ერთ თანამშრომელს არ შეუძლია 10 ტექსტურ შეტყობინებაზე მეტის გაგზავნა. მასიურად შეტყობინებების გაგზავნა, როგორც 19 მარტის ბრიფინგზე იქნა გაცხადებული საქართველოს უსაფროების სამსახურის მიერ, განხორციელდა სხვა კომპანიის მეშვეობით. ხაზგასმით განვმარტავთ, რომ ჩვენი კომპანიიდან არ მომხდარა მასიურად შეტყობინების გავრცელება, საუბარია მხოლოდ 6 შეტყობინებაზე, რაც შემდგომ სხვა პირების ნომრებზე არ ყოფილა გაგზავნილი. ყოველგვარი ჩხრეკისა და სპეცოპერაციის გარეშე, უსაფრთხოების სამსახურისთვის კარგად უნდა ყოფილიყო ცნობილი, რომ ჩვენი კომპანიიდან არ განხორციელებულა მასიურად შეტყობინებების გაგზავნა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს გარკვეული ეჭვების საფუძველი, ვის და რატომ დაჭირდა ჩვენი კომპანიის იძულებით შეჩერება? საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩვენს ოჯახზე ბოლო წლების მანძილზე არაერთი სახის ზეწოლა განხორციელდა, ადგილი ჰქონდა კიბერშეტევასაც, რის შესახებაც მივმართეთ საქართველოს პროკურატურას, თუმცა იქიდან საიმედო პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. იმედია, უმოკლეს ვადებში გაირკვევა სიმართლე და „ემ ეს ჯგუფი“-ს ტექნიკას დააბრუნებს უსაფრთხოების სამასახური და მოგვეცემა ჩვენი საქმიანობის სრულყოფილად გაგრძელების შესაძლებლობა. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი 9 წლიანი გამოცდლიება და პროფესიონალიზმი გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ შეუფერხებლად კვლავ მაღალი ხარისხის მომსახურება შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს. გისურვებთ ჯანმრთელობას! პატივისცემით, შუქრი და ალექსანდრე ბურჭულაძეები “ემ ეს ჯგუფი”-ს დამფუძნებლები”-აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები