ჩვენს გასაკეთებელს არც არავინ გააკეთებს და ვერც ვერავინ გააკეთებს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძის თქმით, ერთადერთი სწორი რეაქცია უწყვეტი და უკომპრომისო პროტესტია, რამაც თავისთავად მოიტანა დღევანდელი რეალობა.
„არჩევნების შემდეგ პირველი იყო, რომ დამთრგუნველად მოქმედებდა შედეგი, რომელიც თავხედურად დაიწერეს ქოცებმა. შემდეგ ნელ-ნელა თვალი გავუსწორეთ საფრთხეს, ჩვენს თავში ვიპოვეთ ძალა არ მივიღეთ და დავიწყეთ წინააღმდეგობებისა და პროტესტების ორგანიზება ისე, რომ არ ვიცოდით, რამდენი ვიყავით ან რამდენი ხანი ვიქნებოდით, რას გააკეთებდა ევროპა და რა იქნებოდა აშშ-ის რეაქცია ამ ტოტალურ გაყალბებაზე და უსამართლობაზე. ყველა ვგრძნობდით, თუ ამ ტოტალურ უსამართლობას შევეგუებოდით ან/და ჩვენი რეაქცია იქნებოდა სტანდარტული, ანუ გამოვიდოდით რამდენიმე ხანი და მერე დავიშლებოდით, პარტნიორების რეაქციაც იქნებოდა სტანდარტული. ვიცით, ხომ – ჩვენს გასაკეთებელს არც არავინ გააკეთებს და ვერც ვერავინ გააკეთებს.
ანუ ერთადერთი სწორი რეაქცია იყო უწყვეტი და უკომპრომისო პროტესტი, რამაც თავისთავად მოიტანა დღევანდელი რეალობა, ანუ სიცხადე შეიტანა პროტესტის დასაწყისში უცნობ მთავარ მოცემულობებზე:
რამდენი ვართ რეალურად ქუჩაში დგომისთვის მზად? პასუხია: ასობით ათასი.
რამდენი ხანი შეგვიძლია ვიდგეთ? პასუხია: დიდი ხანი, ანუ გამარჯვებამდე.
რა იქნება პარტნიორების რეაქცია-არცერთი შემდგარი დემოკრატია არ აღიარებს ქოც-მთავრობას ხელისუფლებად. იქნება სანქციები? – არის და კიდევ იქნება.
ახლა მთავარი კითხვა: გავიმარჯვებთ? კი, თუ დავიჯერებთ და არ შევწყვეტთ პროტესტს.
გამარჯვების გზა-პროტესტი, არ შეგუება, პროტესტი!“, – განაცხადა მანჯგალაძემ.