ჯანდაცვის სექტორში კოვიდპანდემიით გამოწვეული კრიზისი მსოფლიოსთვის საერთო პრობლემად იქცა.
დაავადებულთა ყოველდღიური რაოდენობით პირველ ადგილზე კვლავ ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც უკვე 35-ე დღეა ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 100 000-ს სცდება.
ამ კრიზისის ფონზე, ნევადაში, Renown-ის რეგიონული სამედიცინო ცენტრი პაციენტების სამკურნალოდ საავადმყოფოს ავტოსადგომს იყენებს.
CBS News-სთან საუბრის დროს, სამედიცინო ცენტრის პრეზიდენტმა თქვა, რომ ამ კრიზისის შედეგად, ფრონტის ხაზზე მყოფი სამედიცინო პერსონალი ხედავს ისეთ, რამეს, რასაც ვერასდროს წარმოიდგენდა.
სამედიცინო დაწესებულების რეიანიმაციის განყოფილების ექიმმა ჯეიკობ კიპერმენმა კი განაცხადა, რომ მედიცინის სფეროს ვერც ერთი წარმომადგენელი, ვერასდროს იფიქრებდა, პაციენტებზე ზრუნვას ავტოფარეხში დაიწყებდნენ.
კიპერმენმა რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოდ გადაკეთებულ ავტოსსდგომში ფოტო გადაიღო და ტვიტერში განათავსა. ის სამედიცინო პერსონალს თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობას უხდიდა და წერდა, რომ გასულ 32 საათში 5 პაციენტი დაკარგეს.
მოგვიანებით, სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ასევე დაწერეს, რომ გავრცელებული ფოტო და ინფორმაცია ყალბი იყო.
ექიმი ბრალდებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ არც ერთი საავადმყოფო არ აჩვენებს, როგორ იბრძვიან ექიმები სიცოცხლის გადასარჩენად საველე საავადმყოფოდ გადაქცეულ ავტოსადგომზე, თუ ეს რეალობა არ არის.
მსოფლიოს 68 მილიონი დაინფიცირებულიდან 15 მილიონზე მეტი შეერთებული შტატების მოქალაქეა. ვირუსმა შტატებში 290 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ჯანდაცვის ექსპერტები კვლავ საგანგაშო პროგნოზებს აკეთებენ და ამბობენ, რომ მადლიერების დღის მსგავსად, საშობაო დღესასწაულებიც რეკორდულად გაზრდის შემთხვევების რიცხვს.