პარლამენტის თავმჯდომარე რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების შესახებ ინიციატივას ეხმიანება და აცხადებს, რომ ეთნიკურობის გამო ადამიანების გამორჩევა ქსენოფობიაა.
შალვა პაპუაშვილმა ამ კონტექსტში არასამთავრობო ორგანიზაციები ახსენა და აღნიშნა, რომ “ენჯეოების ნაწილმა მხოლოდ PowerPoint-ით და სემინარებზე ყავის სმის დროს იცის ადამიანის უფლებებზე საუბარი”.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოში, დღეის მონაცემებით, რუსეთის 100 ათასი მოქალაქეა შემოსული მოკლე ვადით, აქედან ნაწილი ქართველები არიან, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ:
“საქართველოს ტერიტორიაზე არიან რუსი სამხედროები ყოველგვარი ვიზის, ნებართვის და სხვა საბუთების გარეშე. ისინი არიან ტექნიკით, შეიარაღებით, ამიტომ ეს საფრთხე რომ არის ყოველდღიური, ამიტომ ვსაუბრობთ ჩვენ. ტურისტი თუ სხვა მოქალაქე შემოდის და თითქოს დამატებით რამე საფრთხეს წარმოადგენს, არის პოპულიზმი და საბოლოო ჯამში გადაიზარდა ქსენოფობიაში.რასაც ვხედავთ პროპაგანდისტული ხერხებიდან, ეს არის ისტერიის აწევა, საბოლოო ჯამში, ქსენოფობიის გამოწვევა. მარტში იყო იგივე ტალღა, თითქოს დივერსანტები შემოდიოდნენ. გახსოვთ კედლებზე რაღაც ნახატები და მთელი ისტერია. არ შეიძლება ჩვენს საზოგადოებას დეზინფორმაცია შევთავაზოთ, როგორც სიმართლე. ეს არის ჩვეულებრივი ქსენოფობიური ხასიათის პროპაგანდა…
დღეის მონაცემებით, საქართველოში იმის ნახევარი რუსეთის მოქალაქე იმყოფება, ვიდრე ეს 2019 წელს იყო. ამიტომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ერთადერთი მიზანი ამ ქსენოფობიური კამპანიის, არის ის, რომ მღელვარება გამოიწვიონ. საერთო ჯამში, ეს არის ერთი ჯგუფის ორგანიზებული.
საბოლოო ჯამში, ეს არის სირცხვილი, როდესაც ადამიანებს გამოარჩევ ეთნიკური ან შეხედულებების მიხედვით. ადამიანების გამორჩევა მათი ეთნიკურობის გამო, არის ქსენოფობია.
ეს არის ელემენტარული ჭეშმარიტება, რომელიც არ ესმის სამოქალაქო საზოგადოების და ე.წ ენჯეოების ნაწილს, რომელმაც მხოლოდ PowerPoint-ით იცის ადამიანის უფლებებზე საუბარი და სემინარებზე ყავის სმის დროს იცის ადამიანის უფლებებზე საუბარი, ხოლო საქმე საქმეზე რომ მიდგება, ისინი ან ჩუმად არიან და ამის წინააღმდეგ არაფერს ამბობენ, ან პირიქით თავად ახალისებენ”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.