რუსეთს საბაბი არ სჭირდება, თუკი ის გადაწყვეტილებებს იღებს, – ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი კითხვას, ხედავს თუ არა საფრთხეს რუსეთში მიღებულ გადაწყვეტილებაში, რომლის მიხედვითაც, „საქართველოსთან, მოლდოვასთან და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ურთიერთობისას რუსეთი რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვას გაითვალისწინებს“.
როგორც პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში აღნიშნა, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ისტორიის ეს მომენტი ბრძნულად გაიაროს. მან რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში რეგისტრირებულ ბიზნესებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესი არის ქართული ბიზნესი.
„ერთი უნდა ითქვას, რუსულ კომპანიებს და ბიზნესს რომ ამბობენ, საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესი არის ქართული ბიზნესი, არ ვიცი, საიდან მოდის ეს ტერმინოლოგია.
როცა ითქმებოდა ეს რიცხვები 6 500 რეგისტრირებული ბიზნესი, აქედან 6 ათასი არის ინდმეწარმე, ფიზიკური პირი, ერთი ადამიანი და არა რაღაც კომპანია. ეს ინდმეწარმე რას აკეთებს? სავარაუდოდ, შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც ტურისტული გიდია, პირობითად ან შეიძლება გახსნა რაღაც მცირე ბიზნესი, რატომ არის ეს რუსული ბიზნესი, როდესაც არის საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესი, იწარმოება საქართველოში, შემოსავალსაც აქ იღებს და ხარჯიც აქ აქვს?
ოკუპირებული ჩვენ თებერვალში ხომ არ გავხდით მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, ჩვენი ისტორია ხომ კარგად ვიცით. ოკუპირებული ტერიტორიები დიდი ხანია გვაქვს. რამე სხვაობა არის 2022 წლის სექტემბერსა და 2011 წლის სექტემბერს შორის? რა სხვაობაა საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობის კუთხით? ოკუპაციის კუთხით, ხომ არაფერი სხვაობა არ არის?“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე შეფასებით, რუს ტურისტებზე საუბარი ქსენოფობიური კამპანიის, აღელვების და არევის მცდელობის ნაწილია.