ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტი უკრაინასთან დაკავშირებით ახალ რეზოლუციას მიიღებს. როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა თქვა, უმრავლესობის ინიციატივით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუციის ახალ პროექტზე მუშაობს.
მისი თქმით, თითოეული გადაწყვეტილება, იქნება ეს რეზოლუცია თუ სხვა, მიიღება იმ საფრთხის გათვალისწინებით, რის წინაშეც უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე საქართველო და ევროპის დიდი ნაწილი დადგა. რისკების და საფრთხეების ნაწილში, ქადაგიშვილი ბიბილოვის განცხადებაზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს საფრთხეების თავიდან ასაცილებლად.
ბიბილოვი: თავდაცვის ყველა ქვედანაყოფი ყაზარმულ მდგომარეობაშია - მზად უნდა ვიყოთ საქართველოს მხრიდან პროვოკაციებზე რეაგირებისთვის
„ე.წ. თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროების ყველა ქვედანაყოფი და პირადი შემადგენლობა ყაზარმულ მდგომარეობაშია და მზად არიან „რესპუბლიკის ხელმძღვანელობის“ ბრძანებების შესასრულებლად“, - აცხადებს ბიბილოვი
„რა თქმა უნდა, სახეზე გვაქვს რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი აგრესია, სუვერენული სახელმწიფოს, უკრაინის წინააღმდეგ, რაც არის მიუღებელი და იმსახურებს დაგმობას, რაც საფრთხეს უქმნის არა მარტო უკრაინას, არამედ მთელ კონტინენტს, ევროპას და ამ საფრთხის საშიშროება დგება, რა თქმა უნდა, საქართველოს წინაშეც იმ სამხედრო მოვლენების და ოპერაციების ფონზე, რაც უკრაინაში ხდება, აქედან გამომდინარე, ჩემი პოზიციაა, რომ საქართველოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯი უნდა იყოს შეთანხმებული ჩვენს პარტნიორებთან ერთად, უნდა გამოვდიოდეთ საქართველოს ინტერესებიდან და არანაირად არ უნდა მივცეთ საბაბი იმისათვის, რომ რუსეთს თავისი აგრესიის საქართველოზე გავრცელების საშუალება მიეცეს»… უნდა ვიმოქმედოთ იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის რეალური საფრთხე, რომელიც ევროპის კონტინენტის დიდ ნაწილს და მათ შორის, საქართველოს ემუქრება და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ არიდებული იქნას საფრთხე,“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.