საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი პარლამენტის მიერ დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ რეზოლუციის მიღებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი შეფასებით, ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადი, რომ საქართველო მშვიდობას, უსაფრთხოებას, მდგრად მშვიდობიან განვითარებასა და საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე, ქმედით მხარდაჭერას უპირისპირებს რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციასა და დე-ფაქტო ანექსიის პროცესს.
ზალკანიანი თქმით, აღნიშნული რეზოლუცია მიუთითებს, რომ საქართველო 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ერთგულია.
როგორც ზალკანიანი აღნიშნავს, აღნიშნული რეზოლუციით საქართველომ კიდევ ერთხელ მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება რჩება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, ძალის არგამოყენებისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ერთგული.
„ეს არის ღია განაცხადი, რომ საქართველოს სტრატეგიული მიზანი და უპირველესი პრიორიტეტია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება და ტრანსფორმაცია, საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებთა შერიგება და ნდობის აღდგენა,“ – წერს სოციალურ ქსელში დავით ზალკანიანი.
მისი აზრით, რეზოლუცია ეხმიანება და დადებითად აფასებს იმ უმნიშვნელოვანეს პროცესს, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიწყო „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავების სამთავრობო კომისიის ფორმატში, რათა საერთო ეროვნული პროცესის ფარგლებში შეუმუშაონ ინკლუზიური და ყოვლისმომცველი სახელმწიფო ხედვა ამ პრიორიტეტული მიმართულებით.
„საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების კოორდინირებული ძალისხმევით, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობით, ვფიქრობ, რეზოლუცია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში“, – წერს დავით ზალკანიანი.