საქართველოს პარლამენტმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა.
დეპუტატებმა კომისიის შექმნას მხარი ერთხმად 84 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი დაუჭირეს. პარლამენტს კომისიის შემადგენლობის დაკომპლექტება და თავმჯდომარის არჩევა მოუწევს.
საგამოძიებო კომისიის შექმნაში გამოსავალს ვერ ხედავს “ნაციონალური მოძრაობა”. როგორც სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ერთადერთი გამოსავალი ხელისუფლების გადადგომაა.
“საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას, პირველ რიგში, ნდობას არ უცხადებს მოკლული ბავშვის ოჯახი. აშკარაა, რომ აქ ჩვენ საქმე გვაქვს ხელისუფლების კოორდინირებულ საქმიანობასთან, რომელიც მოქმედებდა როგორც კრიმინალური სინდიკატი იმისთვის, რომ ხელი დააფაროს საკუთარი ხელისუფლების წევრებს, რომლებიც როგორც ჩანს, არიან ამ საქმეში რეალურ დამნაშავესთან კავშირში. ამიტომ, აქ საგამოძიებო კომისიის შექმნის, დროის გაწელვის, ილუზიების შექმნაში, ამაში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ, იმიტომ რომ ქვეყანაში, სადაც მამას, რომელსაც შვილი მოუკლეს, უწევს ქუჩაში გასვლა, ასეთ ქვეყანაში ერთადერთი რეალური პასუხი არის, რომ ხელისუფლება გადადგეს და აღიარონ, რომ ვერ შექმნეს სახელმწიფო, სადაც რომელიმე მოქალაქე შეიძლება თავს გრძნობდეს დაცულად,” – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ხორავას ქუჩის საქმეზე სასამართლომ განაჩენი დღეს გამოაცხადა.
