LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებები დაამტკიცა

55
პარლამენტი

პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებები დაამტკიცა. კანონპროექტი მესამე მოსმენით 81-ხმით, 7-ის წინააღმდეგ მიიღეს.

პროექტით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის მიმართ დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების კვორუმი მცირდება – ამიერიდან შესაბამისი გადაწყვეტილებები საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3-ის ნაცვლად, სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიიღება. ამასთან, მცირდება და ყველა ეტაპზე ნახევრდება დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული ვადები.

გარდა ამისა, იზრდება მოსამართლეთა სხვა სასამართლოში მივლინების მაქსიმალური ვადა. როგორც მოსამართლის თანხმობის შემთხვევაში, ისე მისი თანხმობის გარეშე მივლინება ერთის ნაცვლად, ორ წლამდე ვადით იქნება შესაძლებელი.

“საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებებით უქმდება აკრძალვა, რომლის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ერთი და იგივე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევა არ შეიძლება.”

ამასთან, კანონპროექტი განხილვის პროცესში დაკორექტირდა და ინიცირებული ვარიანტი სამ საკითხთან დაკავშირებით ჩასწორდა.

უფრო კონკრეტურად, კანონს აღარ დაემატა მოსამართლეთა მიმართ შემდეგი ახალი დისციპლინური სახდელები − სხვა სასამართლოში გადაყვანა არაუმეტეს ხუთი წლის განმავლობაში და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის დაქვეითება რაიონულ სასამართლოში, არაუმეტეს ხუთი წლის განმავლობაში.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ინიცირებული პროექტიდან ამოიღეს, საქმეებისგან მოსამართლის ჩამოცილებას ეხება, თუკი მოსამართლის მიმართ ორი ან მეტ გადაცდომაზე დისციპლინური დევნა იყო დაწყებული.

პროექტიდან ასევე ამოღებულია ჩანაწერი, რომლითაც მოსამართლის დისციპლინურ გადაცდომათა სახეებს ემატება და გადაცდომად ითვლება მოსამართლის მიერ აზრის გამოთქმის პროცესში ზომიერებისა და გაწონასწორებულობის კრიტერიუმის დარღვევა, თუმცა შენარჩუნდა და კანონში აისახება, საჯაროდ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევის კრიტერიუმი.

ამავე ცვლილებების ფარგლებში, მოსამართლეთა მიმართ ისეთი სახის სადისციპლინო სახდელის შემოღება მოხდა, როგორიცაა, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მისი შესაბამის სასწავლებელში გაგზავნა.

პოპულალურები