Fiat-მა დაადასტურა, რომ მინიატიურული ელექტრომობილი Topolino 2026 წლის შემოდგომიდან აშშ-ის ბაზარზე გამოჩნდება. მოდელის საწყისი ფასი 13 995 დოლარი იქნება, რაც მას ამერიკის ბაზარზე ყველაზე იაფ ახალ ავტომობილად აქცევს.
ორადგილიანი ელექტრომობილი 8 ცხენისძალიანი ელექტროძრავით და 5,4 კილოვატსაათიანი ბატარეით არის აღჭურვილი. ერთი დამუხტვით მისი სავალი მარაგი 75 კილომეტრს აღწევს, ხოლო ჩვეულებრივი ელექტროქსელიდან სრულად დამუხტვას დაახლოებით 5 საათი სჭირდება.

სტანდარტულ ვერსიას მყარი სახურავი და კარები აქვს, ხოლო Dolce Vita-ს მოდიფიკაცია რბილი ტენტის სახურავითა და კარების ნაცვლად სპეციალური თოკის ბარიერებით გამოირჩევა. საინტერესოა, რომ ამ ვერსიისთვის დამატებითი თანხის გადახდა საჭირო არ იქნება.
თუმცა Topolino-ს გამოყენება გარკვეულ შეზღუდვებთან იქნება დაკავშირებული. საბაზისო ვერსია მხოლოდ საცხოვრებელ უბნებში, კერძო ტერიტორიებზე, კურორტებსა და პლაჟების ზონებში გადაადგილებისთვის არის განკუთვნილი.

საჯარო გზებზე გასასვლელად ავტომობილი სპეციალური Street Legal Conversion Kit პაკეტით უნდა აღიჭურვოს, რომელიც მოიცავს უკანა ხედვის კამერას, ქვეითების გაფრთხილების სისტემას და პროგრამულ განახლებას, რის შედეგადაც მაქსიმალური სიჩქარე 15 კმ/სთ-დან 40 კმ/სთ-მდე გაიზრდება.
ამის მიუხედავად, Topolino-ს გადაადგილება ავტობანებსა და ჩქაროსნულ მაგისტრალებზე მაინც არ შეეძლება. მისი გამოყენება მხოლოდ იმ გზებზე იქნება დაშვებული, სადაც სიჩქარის ლიმიტი 56 კმ/სთ-მდე (35 მილი/სთ) არის განსაზღვრული. Fiat-ის განცხადებით, აშშ-ში ასეთი გზები საკმაოდ ბევრია, რაც მიკრო ელექტრომობილის პრაქტიკულ გამოყენებას შესაძლებელს გახდის.