„როგორც ყველამ ვიცით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა და ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ერთ დღეს საქართველო ერთი-ერთი ჩვენგანი, ევროკავშირის წევრი გახდება“, – ამის შესახებ საქართველოს უნივერსიტეტის უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის კვლევითი ცენტრის ორგანიზებით მიმდინარე კონფერენციის შესახებ საუბრის დროს, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ევროპის მომავლისადმი მიძღვნილი ამ ძალიან მნიშვნელოვანი ყოველწლიური კონფერენციის ორგანიზებისთვის საქართველოს უნივერსიტეტის მადლიერი ვარ. ძალიან მადლიერი ვარ, რომ საქართველოს უნივერსიტეტმა ევროპულ საკითხებზე მომუშავე წამყვანი მკვლევრებისა და მეცნიერების შეკრება მოახერხა. როგორც იცით, დღევანდელი სამყარო ძალიან სწრაფად იცვლება, ის უფრო არაპროგნოზირებადი ხდება, ამიტომ ევროპასაც სჭირდება ცვლილება, ევროპას სჭირდება ადაპტაცია და უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ აქ, თბილისში, წამყვანი მკვლევრები და მეცნიერების ჯგუფი იმყოფება, რომელიც ფიქრობს იმაზე, თუ როგორ იქნება ევროპის მომავალი. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ხმის გაზიარებაც შემიძლია.
როგორც ყველამ ვიცით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა და ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ერთ დღეს საქართველო ერთი-ერთი ჩვენგანი, ევროკავშირის წევრი გახდება. ამდენად, ქართველი მეცნიერებისა და მკვლევრების ხმა უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება მიმდინარე დებატებში იმის შესახებ, თუ როგორი ადაპტაცია უნდა მოახდინოს ევროპამ საერთაშორისო კონტექსტში. ამ ორდღიან მნიშვნელოვან აზრთა გაცვლას მოუთმენლად ველი და მიხარია, რომ ჩემი წვლილის შეტანა შემიძლია“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.