პეკინის ზამთრის ოლიმპიადის მიმართ დიპლომატიური ბოიკოტის მასშტაბები იზრდება.
აშშ-ისა და ავსტრალიის შემდეგ, ოლიმპიადას ბოიკოტი ახლა უკვე დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ გამოუცხადეს.
დიპლომატიური ბოიკოტის მთავარ მიზეზად ქვეყნები ჩინეთის მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებს ასახელებენ.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გუშინ განაცხადა, რომ მინისტრები ოლიმპიადას არ დაესწრებიან ჩინეთში ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევის გამო, რასაც პეკინი კატეგორიულად უარყოფს.
ჯონსონის თქმით, ოლიმპიურ თამაშებს მინისტრთა კაბინეტიდან არავინ დაესწრება.
კანადის წარმომადგენლების განცხადებით კი, მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, საერთაშორისო საზოგადოებისგან მკაფიო გზავნილი მიიღოს. თუმცა, კანადელი სპორტსმენები ოლიმპიადაზე მაინც იასპარეზებენ.
შეგახსენებთ, დიპლომატიური ბოიკოტის ინიციატორი აშშ-ია. ბოიკოტზე საუბრის დროს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მიზეზებს შორის სინძიანის პროვინციაში უიღურების დევნა და ტიბეტსა და ჰონკონგში პეკინის მხრიდან ადამიანის უფლებების ხელყოფაა.
ზამთრის ოლიმპიადას პეკინი 2022 წლის 4 თებერვლიდან 22 თებერვლის ჩათვლით უმასპინძლებს.