ისტორიაში პირველად, რუმინეთში პაბლო პიკასოს ნახატი გაიყიდება – ესპანელი მხატვრის ნამუშევარი „კორიდა“, რომელიც შესრულებულია მელნით ქაღალდზე, ხელმოწერილია, დათარიღებულია 1959 წლით და მიძღვნილია ფოტოგრაფი მეგობრისადმი სიტყვებით „Para el amigo Chaprate“, კორუმპირებული რუმინელი პოლიტიკოსის, ყოფილი ფინანსთა მინისტრის დარიუს ვალკოვის კოლექციიდანაა. ლოტის საწყისი ღირებულებაა 8000 ევრო.
პიკასოს ნამუშევარს ბუქარესტში მდებარე სააუქციონო სახლი Artmark გაყიდის. გაყიდვა ხორციელდება რუმინეთის ეროვნული საგადასახადო ადმინისტრაციის (ANAF) მიერ დაწყებული იძულებითი აღსრულების პროცედურის ფარგლებში, მსჯავრდადებულისაგან ზიანის ანაზღაურებისა და ჯარიმების ამოღების მიზნით.

აუქციონზე, რომელიც 17 თებერვალს გაიმართება, ვალკოვის კერძო კოლექციიდან სხვა ცნობილი მხატვრების ნამუშევრებიც გაიყიდება.
შეგახსენებთ, ვალკოვს ექვსწლიანი პატიმრობა 2023 წლის მაისში თანამდებობის ბოროტად გამოყენების, ფულის გათეთრებისა და კორუფციული სქემის საშუალებით მიღებული თანხებით ხელოვნების ნიმუშების შეძენისთვის მიესაჯა.
