ინოვაციური ბიზნესი, რომელიც ჯანსაღი კვების მოყვარულთათვის შეიქმნა – პირველად საქართველოში დიეტურ და ფიტნეს საკვებს სახლში მოგიტანენ. აღნიშნულ მომსახურებას ქართველ მომხმარებელს კომპანია ”ინებე” სთავაზობს, რომელმაც ამ მიმართულებით საქმიანობა 6-7 თვის წინ დაიწყო.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა, ლევან შათირიშვილმა განუცხადა, ”ინებე” პირველია საქართველოში, რომელმაც დიეტური საკვების ადგილზე მიტანის სერვისი შექმნა და მომხმარებელს კვების სრულფასოვანი რეჟიმი შესთავაზა.
”მსგავსი სერვისი უცხოეთშიც იშვიათად გვხვდება, ქართული ბაზრისთვის კი ნამდვილად ინოვაციურია. ჩვენს მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, ჩვენივე ვებგვერდის მეშვეობით აირჩიოს სასურველი დიეტა. გვაქვს დიეტის 4 სახეობა და ასევე ამ დიეტების ქვესახეობები, საიდანაც კლინეტი არჩევს სასურველს, აკეთებს შეკვეთას და კვირაში 7 დღის განმავლობაში, ჩვენ მასთან მიგვაქვს ყოველდღიურად ახალი, ჯანსაღი საკვები, რომელიც მთელ დღეზეა გათვლილი. ანუ მიგვაქვს გარკვეული მარაგი, რომელიც დღეში 4-5 კვებაზე ნაწილდება. მთელ კვირაზე გათვლილი სერვისის ღირებულება 199 ლარიდან იწყება, ფასი განსხვავებულია დიეტების მიხედვით”, – აღნიშნა შათირიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ”ინებეს” რამდენიმე უპირატესობა აქვს და ესენია:
- მომხმარებელი აღარ ნერვიულობს რა მიირთვას საუზმეზე, სადილზე თუ ვახშმად;
- აღარ ხარჯავს დროს საყიდლებზე;
- აღარ ხარჯავს ენერგიას მრავალჯერადი საკვების მომზადებაზე და შემდეგ არეული სამზარეულოს დალაგებაზე;
- აღარ ითვლის კალორიებს და გრამებს;
- აღარ ნერვიულობს როგორ წაიღოს და შეათბოს საკვები სამსახურში, ან ქალაქგარეთ.
”ამ ყველაფერს უკვე მათ ნაცვლად ჩვენ ვაკეთებთ. ამასთან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არის დიეტის დადებითი შედეგი. უკვე ასობით კლიენტს მოვემსახურეთ ამ მცირე დროში და ჯერ არ გვქონია შემთხვევა, რომ ვინმეს წონაში ვერ დაეკლო. გააჩნია კლიენტის წონას, თუმცა სულ მცირე 3 კილოს 7 დღეში ყველა იკლებს”, – აღნიშნა ”ინებეს” დამფუძნებელმა.
როგორც ლევან შათირიშვილი განმარტას, ”ინებე” საოჯახო ბიზნესია, რომელიც მეუღლესთან ერთად შექმნა და რომლის განვითარებასაც სამომავლოდაც გეგმავს.
”იანვრიდან უკვე ვაპირებთ, ახალი სერვისის დამატებას – ეს იქნება ”მოამზადე შენით” სერვისი. ჩვენი მომხმარებელი შეძლებს, სასურველი კერძისთვის შეგვიკვეთოს მასალა – დაჭრილი, გასუფთავებული ინგრედიენტები მიუვა მას შეფუთვით, რომელსაც ინსტრუქციაც მოყვება და მაქსიმუმ 15 წუთში იქნება შესაძლებელი კერძის მომზადება”, – განმარტა შათირიშვილმა.
ცნობისთვის, ”ინებე” წლის ინოვაციური ბიზნესის ნომინაციაში ერთ-ერთი ფინალისტია ”თიბისი ბანკისა” და ”ჯეოსელის” ბიზნესდაჯილდოების #გააზიარეწარმატება. მოიპოვებს, თუ არა ამავე ნომინაციაში გამარჯვებას, ამას უკვე დეკემბერში გავიგებთ.