LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად საქართველოში – სოფელი ბურიანი საერთაშორისო ეკოკულტურულ ფესტივალს „თორო“ უმასპინძებს

170
თორო

2026 წლის 1 მაისს, 13:00 საათზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ბურიანში, თბილისის ეროვნული პარკის სიახლოვეს, საზეიმოდ გაიხსნება პირველი საერთაშორისო ეკოკულტურული ფესტივალი თორო. ფესტივალი, რომლის სლოგანია ბუნება გვასწავლის ცხოვრებას!“, სამი დღის განმავლობაში (1-3 მაისი) უმასპინძლებს ხელოვნების, ლიტერატურის, კულინარიისა და ეკოცნობიერების სინთეზს.

ღონისძიება ეფუძნება ლეგენდარული ამერიკელი ფილოსოფოსის, მწერლისა და ბუნების ქომაგის, ჰენრი დევიდ თოროს მემკვიდრეობას და მის მსოფლიო ბესტსელერს – „უოლდენი ანუ ტყეში ცხოვრება“. ფესტივალის ბაზას წარმოადგენს ხელოვნების სახლი „თორო“, „პოეტის ქოხი“ და „თოროს ტყის აკადემია“ – იშვიათი კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც ზღვის დონიდან 1050 მეტრზე მდებარეობს.

პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით. ფესტივალის პარტნიორია სასტუმრო „არტ-ბურიანი“.

ფესტივალის პროგრამა მოიცავს:

  • ლიტერატურული პროცესი: ცნობილი პოეტებისა და პროზაიკოსების შეხვედრა; ლექსების, ნოველებისა და თარგმანების კითხვა ღია ცის ქვეშ. გახსნას მუსიკალურად დაამშვენებს ტრიომეცო.
  • თოროს მემკვიდრეობა: პირველად გაჟღერდება ჰენრი დევიდ თოროს პოეზიის ქართული თარგმანები. მოეწყობა დისკუსია გენიალური განდეგილის ცხოვრებასა და დოკუმენტური კადრების ჩვენება.
  • ვიზუალური ხელოვნება: ცნობილი მხატვრების, კერამიკოსებისა და ფოტოხელოვანების მუშაობა „პლენერზე“. დამთვალიერებელი იხილავს საქართველოს ცნობილი მთამსვლელისა და ეთნოგრაფის თვალით.
  • ხსოვნა და პატივი: შესრულდება უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის საგალობელი და ლექსი. გაჟღერდება ვაჟა-ფშაველას პოეზიის ოქროს ჩანაწერები (მათ შორის 1960 წელს ჩაწერილი „შვლის ნუკრის ნაამბობი“) და ახლახანს გარდაცვლილი ქართველი  მწერლების ტექსტები.
  • კულინარიული შოუ: „თოროს“ შეფ-მზარეული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისგან, სტუმრების მონაწილეობით, შექმნის ეგზოტიკურ კერძებს.

ელგუჯა მარღია (ფესტივალის იდეის ავტორი და ორგანიზატორი):

„ამ დაძაბულ ეპოქაში უმნიშვნელოვანესია ბუნებასთან მუდმივი ურთიერთობა ჩვენი სულიერი სიჯანსაღისთვის. მადლობას ვუხდი კულტურის მინისტრს, ქალბატონ თინათინ რუხაძეს და „შემოქმედებითი საქართველოს“ დირექტორს, ქალბატონ რუსუდან ჭუმბურიძეს მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს ფესტივალი სამომავლოდ საერთაშორისო რეზონანსს შეიძენს.“

მანანა გეგიძე (ფესტივალის ხელმძღვანელი):

„ხელოვნების სახლი ,,თორო’’საკუთარი პოზიციონირებით მაღალ ნიშნულს იკავებს. საერთაშორისო ფესტივალის დაფუძნება მას ახალ დატვირთვას შესძენს და ბუნებისა და თოროს იდეების მოყვარულთა დაინტერესებას ბუნებრივად გაზრდის.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g