LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პირველი კედლის ნახატი თითქმის დასრულებული მქონდა, თავზე პატრული რომ წამომადგა”

717

თბილისში, ერთერთი ყველაზე ცნობილი სტრიტ-არტისტი გაგოშა, “ფეისბუქ” გვერდზე საინტერესო ისტორიას აქვეყნებს.

ამბავი, მის პირველ ქუჩის ნახატს და პოლიციელებს ეხებათ.

როგორც გაგოშა ყვება, ნახატი თითქმის დასრულებული ჰქონდა, როცა პატრულმა შეამჩნია.

პირველმა ეკიპაჟმა ვერ გადაწყვიტა ლეგალური იყო თუ არა ქუჩის მხატვრობა, ამიტომ მეორეს დაურეკეს, მეორემ მესამეს და დილის ხუთ საათამდე, თანამედროვე მხატვარი პოლიციელების გარემოცვაში ელოდებოდა მათ გადაწყვეტილებას.

ბოლოს საქმეში რაიონის უფროსი ინსპექტორი ჩაერთო. ისტორიას საკმაოდ საინტერესო და მოულოდნელი დასასრული აქვს.

„პირველად ვხატავდი კედელზე. ღამე იყო. ცოტა ციოდა. ვერ ვხვდებოდი ხელი სიცივისგან მიკანკალებდა თუ მეშინოდა. თითქმის დასრულებული მქონდა თავზე პატრული, რომ წამომადგა.

-ნებართვა გაქვს?

– და მჭირდება ნებართვა?

მაშინ თვითონაც არ იცოდნენ ლეგალური იყო თუ არა, შეეძლოთ ფეხებზე დაეკიდებინათ, მაგრამ ღამის 3 საათი იყო და ალბათ იფიქრეს დილამდე დროს მოვკლავთო. მერიაში დარეკეს. რა თქმა უნდა მორიგემ არ აიღო. მაშინ ფილოსოფოსებივით შემოსხდნენ “კაპოტზე” და დაიწყეს მსჯელობა, იყო თუ არა საჭირო ნებართვა. თითქმის ჩხუბამდე მივიდნენ და გაცოფებულებმა დებატებში კოლეგების ჩართვა მოინდომეს. ახლა 4 ტვინი ერთად ჩაერთო ბრეინშტორმინგში. ასე გაგრძელდა 5 საათამდე . სეირის სანახავად კიდევ 2 პატრულის ეკიპაჟი მოვიდა. უკვე 4 მანქანა და 8 ტვინი იყო ჩართული გამოძიებაში. საქმიანი სახეებით სწალობდნენ ნახატს. მეკითხებოდნენ რა რას ნიშნავდა, ახლოს მიდიოდნენ, ხელით ეხებოდნენ, ქუჩის მეორე მხარეს გადადიოდნენ და იქიდან აკვირდებოდნენ, სურათებს უღებდნენ. მოკლედ ისეთი ინტერესი გამოიჩენეს, რომ ნებისმიერ ქართულ მუზეუმს შეშურდებოდა. ამდენმა მოციმციმე პატრულის მანქანამ ტაქსების ყურადღებაც მიიქცია და დანაშაულის ადგილზე ნელა მიგორავდნენ. რამდენიმე ტურისტმა ფოტო გადამიღო. ერთი ისეთი აროგანტული აღმოჩნდა,რომ მირჩია ნახატთან ახლოს დავმდგარიყავი, ხელები გადამეჯვარედინებინა და ქვედა ტუჩი გადმომეტრიალებინა, ასე უფრო მაგარი ტიპი გამოჩნდებიო. ალბათ რომელიმე ჰიპჰოპ ალბომის ქოვერზე ნახა.

სადაცაა გათენდება, დავიღალე, ყველა ახლად მოსული ეკიპაჟი წინაზე უხეშია და ყველასთან თავიდან მიწევს ახსნა რას ვხატავ და რატომ. თვითონაც დაიღალნენ, მაგრამ უკვე მთელი ქვეყანა შეყარეს და ასე იოლად ვეღარ გამიშვებენ. ბოლოს ერთ-ერთმა თავიდ თავზე აიღო და როგორც ჩანს რაიონის უფროს ინსპექტორს ან რაიმე ამდაგვარს დაურეკა. 15 წუთში მოვიდა. წარმოიდგინეთ მანქანიდან გადმოიზლაზნა რაღაც დიდი სილუეტი, ძალიან შეწუხებული სახით მომიახლოვდა და მათვალიერებს. იმხელა უკმაყოფილება ეტყობა ტუჩის ბოლოებზე, წამახვილებულ ცხვირზე და თვალებში, რომ ერთი პერიოდი დავფიქრდი რამე მძიმე დანაშაული ხომ არ ჩავიდინეთქო.

-რაშია საქმე?-კითხულობს და მე ძალიან დაღლილი ვარ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ მოვყვე. ამიტომ არაფერს ვამბობ, სამაგიეროდ 8 პოლიციელი გარს შემოეხვია თავიანთ ტოტემს და მიუზიკლივით წაუმღერეს მთელი მომხმარი ისტორია. ისმენს ეს კაცი და სახე უფრო და უფრო ეჭმუჭნება, აქეთ-იქით აბრიალებს ჩასისხლიანებულ თვალებს და ბრაზი ემატება. ბოლოს ხელის აქნევით ანიშნა საკმარისიაო. ყველა ვერდიქტის მოლოდინში გაჩუმდა. უფროსმა ორი ნაბიჯი ჩემსკენ გადმოდგა და სახით პოლიციელებისკენ შეტრიალდა, რომლებიც მაშინვე ერთ ხაზზე გამწკრივდნენ.

(ალბათ უკვე ჩვევად ჰქონდათ და სინქრონულად გამოუვიდათ)

-თქვენ ხართ თავყლეები!-ამოიღრინა უფროსმა.

პირი დააღეს.

-კი, კი, ნამდვილად თავ***ები ხართ!-მწკრივის წინ გაიარ-გამოიარა და ხელები ზურგს უკან გადაიჯვარედინა.

ვიღაცამ რაღაცის თქმა დააპირა.

-ხმა!!! ამის გამო მომიყვანეთ აქ?

მეც გავოცდი, ამას ნამდვილად არ მოველოდი.

-უვარგისები ხართ, აბა, ერთი რესტორნის ჩხუბი ან ოჯახური ძალადობა ყოფილიყო, ასე თუ მოინდომებდით?! ევროპაში არცერთი არ ჩა****ებულხართ? სავსეა იქ კედლები ნახატებით! ყველა უნდა გაგიშვათ კაცმა ერთხელ მივლინებაში, სულ როსტოვებით და მოსკოვებით, რომ გაქვთ ეგ სირი თავები გამოტენილი, იქნებ რამე შეგივიდეთ შიგნით!

-მაგრამ, ნებართვა, რომ არ…-კიდევ დააპირა ვიღაცამ თავის მართლება.

მაგრამ უფროსმა ისევ შეუბღვირა და ორი თავი ვის ჰქონდა შეპასუხებისთვის.

მე კი მომიბრუნდა და ძალიან მშვიდად მითხრა: – მარტო ამ ზედათი ხარ მოსული? ჰოო? და ველოსიპედით უნდა წახვიდე? გაიყინები. ველოსიპედს საბარგულში ჩავდებთ და სახლამდე მიგაცილებთ.

იმ მანქანაში რა ჩამსვამდა, ერთი სული მქონდა გავცლოდი, ან რა გამყინავდა, გიჟივით ვატრიალებდი პედლებს, იქნებ მძინავს და გამოვფხიზლდეთქო” – წერს გაგოშა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g