ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „პლაქველინი“ – მალარიის საწინააღმდეგო წამალი, რომელიც ზოგიერთი ექიმის აზრით, წარმატებით ებრძვის კორონავირუსს, ე.წ. სოლიდარობის კვლევაში დააბრუნა.
ორგანიზაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში პლაქველინი კვლევის ობიექტია, რადგან დაავადების სამკურნალო პრეპარატი ჯერ არ შექმნილა.
წამალი ერთ კვირაზე დიდხანს იყო აკრძალული. მიზეზი კი სამედიცინი ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები გახდა.
მაისის ბოლოს „ლანცეტში“ ბრიტანელი მედიკოსების კვლევა გამოქვეყნდა, რომლებიც ამბობდნენ, რომ პაციენტებში, რომლებიც აღნიშნულ წამალს იყენებდნენ, სიკვდილიანობის დიდი მაჩვენებელი აღინიშნა.
თუმცა, ამავე ჟურნალში რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა მასალა, რომელმაც კვლევაში ეჭვი შეიტანა.
“პლაქველინი” ცნობილია, როგორც მალარიის საწინააღმდეგო წამალი. ჯერ კიდევ მარტში ფრანგი პროფესორი დიდე რაულტი კორონავირუსთან ბრძოლაში მას ეფექტიანად ასახელებდა. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი მას პროფილაქტიკის მიზნით იღებს.
საქართველოში კორონავირუსის მკურნალობის პროტოკოლში „პლაქველინის“ გამოყენება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნის შემდეგ შეჩერებული იყო.
ჯანმოს მორიგი რეკომენდაციის შემდეგ საქართველოში აღდგება თუ არა მისი გამოყენება, ამის შესახებ გადაწყვეტლებას თენგიზ ცერცვაძე მიიღებს.