LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პლასტიკატის მწარმოებელი ქარხანა ზესტაფონში სექტემბერში გაიხსნება

253

პლასტიკატის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა ზესტაფონში უკვე დასრულდა და ოფიციალურად სექტემბერში გაიხსნება. საწარმო, სადაც პლასტიკატის გარდა, ახალ პროდუქტის – არაჰალოგენური კაბელების წარმოებაც იგეგმება. კომპანია ”საქკაბელმა” სახელმწიფო პროგრამის ”აწარმოე საქართველოს” ფარგლებში ააშენა.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა გოდერძი მამალაძემ განუცხადა,  ”საქკაბელი” ევროპული ბაზრისთვისაც  ემზადება.  ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ერთ-ერთ ევროპულ  კომპანიასთან, რომელიც ”საქკაბელის” მიერ წარმოებული პროდუქციითაა დაინტერესებული.

”ვიდრე პროდუქციას ევროპაში ექსპორტზე გავიტანთ,  უნდა მივიღოთ ევროპული სერთიფიკატები. მოგეხსენებათ, დაახლოებით 2 ათასამდე დასახელების კაბელს ვაწარმოებთ, შესაბამისად, თითო სახეობაზე ცალკე სერთიფიკატია საჭირო”, – აღნიშნა მამალაძემ.

მისივე ინფორმაციით, „საქკაბელი“ წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდას და ახალი ტიპის საკაბელო პროდუქციის გამოშვებასაც გეგმავს. ” სატესტო რეჟიმში უკვე გამოვუშვით რამდენიმე სახეობის ახალი კაბელი – არაჰალოგენური კაბელების სახით, რომელზეც ევროპაში დიდი მოთხოვნაა და ვფიქრობთ, ქართულ ბაზარზეც მოთხოვნადი იქნება”, – აღნიშნა კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა.

მისივე თქმით, ”საქკაბელის” ახალ საწარმოში უახლესი  ევროპული მანქანა-დანადგარების მონტაჟი უკვე დასრულებულია და პროდუქციის მასიური წარმოება სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყება.

ცნობისთვის,  ”საქკაბელის”  ქარხანა  1958 წელს დაარსდა და მის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს სპილენძისა და ალუმინის საკაბელო პროდუქციის წარმოება. 2006 წლის ოქტომბრიდან  ქარხნის მართვა ჩაიბარა ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ. კომპანია Sket-თან თანამშრომლობის შედეგად მოხდა წარმოების გადაიარაღება, ასევე დამონტაჟდა ახალი ტიპის დანადგარები, დაინერგა თანამედროვე ტექნოლოგიური პროცესი, რამაც გაზარდა გამოშვებული პროდუქციის ასორტიმენტი და მოცულობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g